ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ღია წერილს აქვეყნებს, რომელიც სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში შექმნილ ვითარებას ეხება და აღნიშნავს, რომ თუკი როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოხოვნები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ განიხილეს, ეს იქნება საქმეზე უკვე წინასწარ გამოტანილი როლანდ ბლადაძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, სასამართლო საქმეს არსებითი განხილვისთვის არ დაუშვებს და როლანდ ბლადაძის მიმართ ამორთმეულ ქონებას საბოლოოდ, გიორგი პაპუაშვილი დაესაკუთრება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის საგანგებო განცხადება მედიაში უკვე გავრცელდა. უცვლელად წარმოგიდგენთ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებას.
„2017 წლის 25 მაისს, საქართველოს უზენაესს სასამართლოსთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ როლანდ ბლადაძის საქმე განსახილველად გადაეცა მოსამართლე მაია ვაჩაძეს. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რატომ მხარე ხედავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული მოსამართლის მხრიდან სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვის, კანონის დარღვევისა და მხარის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებებიდან უმთავრესის - საკუთრების უფლების ფეხქვეშ გათელვის მოლოდინს.
როლანდ ბლადაძემ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა და აღნიშნა, რომ მის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო უზენაესი სასამართლოს შემადგენლობიდან შემდეგ მოსამართლეებს: მაია ვაჩაძეს და ნუგზარ სხირტლაძეს. ჩვენ მოვითხოვეთ ამ მოსამართლეების უპირობოდ აცილება საქმის განხილვაში შესაძლო მონაწილეობის შემთხვევაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
როლანდ ბლადაძის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა შექმნას საქმისწარმოების მაღალი სტანდარტი, სადაც წარდგენილ ყველა მტკიცებას ექნება დასაბუთების მაღალი ხარისხი, სასამართლოს მხრიდან მხარის ყველა არგუმენტს ექნება დასაბუთების ისეთი ხარისხი, რომელიც არამხოლოდ მომჩივანი მხარისთვის დატოვებს რწმენას, რომ საქმე განიხილა დამოუკიდებელმა და თავისუფალმა სასამართლომ. აღნიშნული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხარის იმ პრეტენზიების პირობებში, როდესაც როლანდ ბლადაძე ქვემდგომ ინსტანციაში საქმის განმხილველი მოსამართლეების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და საქმის დაინტერესების მიმართ გამოთქვამს დასაბუთებულ სამართლებრივ პრეტენზიებს. შესაბამისად, ასეთი სამართლებრივი პრეტენზიები არსებობს სასამართლოს ამ ორი მოსამართლის მიმართაც, რომლებსაც უკვე მონაწილეობა აქვთ მიღებული როლანდ ბლადაძის საქმის განხილვაში.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 9 სექტემბერს ლევან მურუსიძის (თავმჯდომარე) მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის მონაწილეობით, განიხილა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები სასამართლოს შორის განსჯადობის საკითხის დადგენის მიზნით. დავის საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის აქტების ბათილად ცნობა. საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოგვიანებით, აღნიშნულ საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2014 წლის 25 ოქტომბერს, მაია ვაჩაძის (თავმჯდომარე), ლევან მურუსიძისა და ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით, მიიღო გადაწყვეტილება და როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრი დაუშვებლად სცნო. სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებები გამოიყენა თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს სახელმწიფოსთან და გიორგი პაპუაშვილთან მიმდინარე დავაში.
გარდა ამისა, რაც ყველაზე საგანგაშო და თვალშისაცემია საკასაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მაია ვაჩაძე უშუალოდ მონაწილეობდა 2004 წლის სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საჩივრის განხილვაში. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ როლანდ ბლადაძეს ქონება ჩამოართვა, ხოლო ქონების ჩამორთმევა მაია ვაჩაძემ კანონიერად მიიჩნია.
შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი წინაპირობები აცილებულ იქნენ აღნიშნული მოსამართლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31–ე მუხლის 1–ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში“. ამასთან, სსსკ–ის 34–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, „თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს წყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას“.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეს არ გააჩნია განცდა, რომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი მოსამართლეების: მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის მონაწილებით, წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების და საქმის მიმართ უკვე შექმნილი სამოსამართლეო შინაგანი რწმენის გარეშე განიხილება. განსახილველ შემთხვევაში, დასახელებული მოსამართლეები პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით. სსსკ-ის 31-ე მუხლის 1-ელი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, მომჩივანის სასარგებლოდ გადაწყვიტოს ყველა ეჭვი დაინტერესებისა და მიკერძოების თაობაზე. შესაბამისად, ამავე დანაწესის თანახმად, ასეთმა მოსამართლეებმა არათუ განიხილოს, არამედ უფლება არ აქვთ მონაწილობდნენ საქმის განხილვაში.
მოსამართლის აცილების ინსტიტუტი ემსახურება სწორედ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის განმტკიცებასა და სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას.
სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძოებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი. სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად განხილვის პრინციპი და შესაბამისად, გარკვეული წინაპირობების არსებობისას საქმის აცილების ვალდებულება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ელემენტსაც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას მოსამართლის აცილების წინაპირობას წარმოადგენს მიუკერძოებლობის არარსებობა, მიუკერძოებლობის არარსებობის საფრთხე ან მხარის ეჭვები მოსამართლის მიკერძოების თაობაზე. ანუ თუ არსებობს ნებისმიერი ლეგიტიმური საფუძველი, ამ საფუძვლის არსებობის საფრთხეები ან მხარის ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით, მოსამართლე აცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან.
მიუკერძოებლობა, როგორც წესი, ნიშნავს საქმისადმი წინასწარ დაინტერესებისა და ტენდენციურობის გამორიცხვას და იგი ფასდება სუბიექტური და ობიექტური ტესტის მიხედვით.
სუბიექტური ტესტით შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მოსამართლის პიროვნულ ქცევასა და მრწამსს, ანუ რამდენად აქვს მოსამართლეს პირადი დაინტერესება და მიკერძოება საქმის მიმართ.
სუბიექტური ტესტისაგან განსხვავებით, ობიექტური ტესტი აწესებს დამატებით გარანტიებს და აცილების წინაპირობებს განმარტავს უფრო ფართოდ.
ობიექტური ტესტით შეფასებისას უნდა გაირკვეს რამდენად ქმნის სასამართლო და მისი შემადგენლობა საკმარის გარანტიას იმისათვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიკერძოებასთან მიმართებით. ობიექტურ ტესტთან დაკავშირებით აუცილებელია გაირკვეს, მოსამართლის ქცევის მიუხედავად, რამდენად აქვს ადგილი ფაქტებს, რომლებმაც შესაძლებელია წარმოშვას ეჭვები მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით.
იმის შეფასებისას არსებობს თუ არა მოსამართლის მიუკერძოებლობის შიშისათვის ლეგიტიმური საფუძველი, მნიშვნელოვანია იმ პირის შეხედულება, რომელსაც საკითხი ეხება, თუმცა ეს ყოველთვის არაა გადამწყვეტი.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მოსამართლის მიუკერძოებლობა განმარტებულია, როგორც ,,მოსამართლის მიერ წინასწარ შექმნილი აზრის არ ქონა“, კონკრეტული საქმის განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს მოსამართლის მხრიდან საკმაო გარანტიები, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი კანონიერი ეჭვი ამ კუთხით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მიუკერძოებლობის შეფასებისას ყურადღება ექცევა თვით მოვლენათა გარეგნულად გამოჩენის - საზოგადოების მიერ მისი აღქმის ფორმასაც. მოსამართლე საქმის განხილვისას არა მხოლოდ უნდა იყოს მიუკერძოებელი, არამედ, გონიერი დამკვირვებლის თვალშიც უნდა აღიქმებოდეს ასეთად. შესაბამისად, ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის განმარტება წარმოადგენს მართლმსაჯულების ლეგიტიმურობის გარანტიას, ნებისმიერი წინაღობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ რწმენას, უნდა იქნეს გამორიცხული და ნებისმიერი მოსამართლე, რომელთან მიმართებითაც ვერ იქნება მიუკერძოებლობის აღქმა უზრუნველყოფილი, აცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიმართ სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საქმეს ერთდროულად იკვლევს საქართველოს მთავარი პროკურატურა და იუსტიციის უმაღლესის საბჭო, როლანდ ბლადაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში განხილულ იქნა იმ ვითარებაში, რომლის აწ გადამდგარი თავმჯდომარეც ვალერიან ცერცვაძე 2004 წელს, პროკურატურის გაცემული მინდობილობის საფუძველზე, უშუალოდ, ფიზიკურად მონაწილეობდა როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევის პროცესში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე დანიშნული პირველი მოსამართლეთა შემადგენლობა სწორედ წარსულში მათი საქმესთან შემხებლობის და მიკერძოების გამო იქნა აცილებული (გიორგი გოგიაშვილი, მანანა ჩოხელი, ნინო ქადაგიძე, ამ უკანასკნელმა სწორედ მაია ვაჩაძესთან ერთად, 2004 წელს განიხილა ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილება და იყო საქმის მომხსენებელი მოსამართლე. ასევე, სწორედ ნინო ქადაგიძის განჩინებით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სადავო ქონებაზე. ასეთი რამ ძნელად თუ წარმოსადგენი იქნებოდა სამართლიანი სასამართლოს პირობებში), ხოლო პალატის ახალ შემადგენლობას - მერაბ ლომიძეს, თეა ძიმისტარაშვილსა და ამირან ძაბუნიძეს (პალატაში თავიდანვე ირიცხებოდა მოსამართლე მირანდა ერემაძე, რომელსაც პირველ ინსტანციაში ჰქონდა როლანდ ბლადაძის საქმე განხილული და მოხდა თვითაცილების ინსცენირება, მის ნაცვლად სხდომაზე გამოცხადდა ამირან ძაბუნიძე) მხარეს დასაბუთებულად გააჩნია უნდობლობა, რომ საქმე განიხილა მიკერძოებულმა მოსამართლეთა შემადგენლობებმა, რაც არ უნდა განმეორდეს და იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესს სასამართლოში.
დღეს არსებობს მაღალი მტკიცება იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძის უნდობლობა საკასაციო საჩივრის შესაძლო განხილვაზე დანიშნული ორი მოსამართლის – მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის მიმართაც, ლეგიტიმური, გონივრული და ნამდვილია. შესაბამისად, მათი შესაძლო დანიშვნა საქმის განმხილველ მოსამართლეებად, ვერ უპასუხებს სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპებს, რომელსაც მხარე საქმეზე სასამართლო დავის მომენტიდან მოითხოვს. შესაბამისად, უნდა დადგეს მათი საქმიდან აცილების უპირობო შედეგი და საქმე, კანონით დადგენილი წესით, გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეზე დანიშნავს ახალ შემადგენლობას.
ჩვენ მოვითხოვთ, საქმეზე კიდევ ერთი უკანონობის დაშვება არამარტო როლანდ ბლადაძის საქმეს, არამედ მთელ სასამართლო სისტემას კიდევ ერთხელ დაანგრევს. არ უნდა მოხდეს იმ მოსამართლეების მხრიდან საქმის განხილვა, რომელსაც მხარე უცხადებს უნდობლობას. მოვითხოვთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შექმნას საქმეზე ობიექტური განხილვის გარემო. საქმე დაეწეროს და საქმე განიხილოს იმ მოსამართლეთა შემადგენლობამ, რომლებსაც მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ საქმის განხილვაში არც ერთ ეტაპზე. არ გააჩნიათ მიკერძოების ან დაინტერესების არავითარი საფუძვლები. მიეცით მხარეს შესაძლებლობა, რომ საქმე განიხილოს მიუკერძოებელმა სასამართლომ. მოგმართავთ, არ მოუსპოთ მხარეს ის უკანასკნელი შანსი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში სიმართლის დადგენის უზენაესს მიზანს ემსახურება!“ - ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში.