პროკურატურამ „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მიკერძოების ყველა ეჭვი სწრაფი გამოძიებით უნდა უპასუხოს

5 ივნისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიკროსაფინასო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მომზადებული სამართლებრივი კვლევის შედეგები წარმოადგინა და სარეკომენდაციო წინადადებებით საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ განხორციელებული მონიტორინგი მთავარ მიზანს წარმოადგენდა კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობისა და მიუკერძოებლობის შეფასება. კვლევის მიზანს წარომოადგენდა დადგენილიყო, თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან შესაძლო დაკავშირებულ პირებს. მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც ტოვებს საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორცელების ვარაუდს და მიუთითებს ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე, ვინაიდან განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკუტრატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების შესაძლებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, „ლაზიკა კაპიტალი“ დასავლეთ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ბრიტანული ორგანიზაცია Oxfam-ის უშუალო მონაწილეობით და მასთან ერთად, უცხოური დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა. საქმის ისტორია ასეთია: კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე 2010 და 2013 წელს დადგა, როდესაც საჯაროდ გახდა ცნობილი კომპანიაში ჩადენილი ფინანსური დანაშაულის თაობაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ სოსო ზარქუამ და მანანა მიქავამ შეთანხმებით, ყალბი სესხების გაცემით, 807 471,76 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს კომპანიას. კომპანიამ დანაშაულის გამოვლენის პერიოდში მოახდინა საკადრო ცვლილების განხორციელებაც და კომპანიის ოპერაციების მენეჯერი ე.ც, რომელსაც თანამდებობრივი ინსტრუქციით ეკისრებოდა ოფიცრების კონტროლი, გაცემული სესხების შემოწმება, მიზნობრიობის დადგენა, მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, გადაიყვანა უფრო დაბალ პოზიციაზე - სტრატეგიული განვითარების მენეჯერად. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე..-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ამ დრომდე არ ახდენს დანაშაულის მომზადებასა და ჩადენაში მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. 2006 წლის 13 ოქტომბრიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის - მესტიის რაიონული პროკურატურის ყოფილი პროკურორის, ფელიქს ჯალაღონიას მიმართ გაცემულ იქნა 4 სესხი. აღნიშნულის პარალელურად, 3 სესხი იქნა გაცემული ამავე პროკურორის მეუღლის მიმართ. სესხები გაიცემოდა სხვადასხვა სამოქალაქო პირებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ წრეს. კომპანიიდან სესხები გაიცემოდა იმ წესებისა და პროცედურების დაცვის გარეშე, რომელიც კომპანიაში აღიარებულ და სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენდა. სესხები გაიცემოდა საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების გარეშე ან კომიტეტის წევრების მანიპულირებით. კვლევის ფარგლებში, აგრეთვე შესწავლილ იქნა კომპანიასა და ე.ც.-ს შორის, საქართველოს საერთო სასამართლოებში 2013-2015 წლებში წარმოებული დავებიც: ზიანის ანაზღაურება, აქციისა და დივიდენდის დაბრუნება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, აქციონერთა საერთო კრების 2014 წლის 17 მაისის ოქმის (გადაწყვეტილება) გაუქმება ე.ც.-ს წილის გაუნაწილებელ დივიდენდად გამოყოფის ნაწილში. სასამართლოების მიერ მიღებულ იქნა ე.ც.-ს სასარგებლო გადაწყვეტილებები.

ორგანიზაციამ მონიტორინგის ფარგლებში, 2017 წლის 18 აპრილს წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელის წერილობითი ფორმით მომზადებული გამოხმაურება, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ 5 ივნისს ჩაბარდა. პროკურატურის ცნობით, „საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულია ათეულობით მოწმე და ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია. რაც ეხება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, აღნიშნულ საკითხს სწავლობს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია“ - ნათქვამია წერილში. ორგანიზაციას კვლევის ფარგლებში არ მიუმართავს ე.ც.-ს მიმართ. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ე.ც. სურვილის გამოთქვამს უპასუხოს წარმოდგენილ დასკვნას, მათი პოზიცია გახდება კვლევის შემადგენელი ნაწილი და ორგანიზაცია უზრუნველოყოფს საზოგადოების მიმართ გაცნობას.

„წარმოდგენილმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ადგილობრივი ბიზნესის მიმართ აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, დაიცვას ბიზნესი და ბიზნესის წინაშე არსებული სირთულეები გადაჭრას. ლაზიკა კაპიტალის საქმის შემთხვევაში, სამწუხაროდ, გვაქვს სხვა ვითარება. უკვე 5 წელია, რაც საქართველოს პროკურატურა არ იძიებს კომპანიის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, რაც დამატებით ზარალს აყენებს კომპანიას, მის ქონებრივ თუ არაქონებრივ ინტერესებს. მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, დაინტერესდეს, ვინ მფარველობს ლაზიკა კაპიტალის მიმართ ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილეებს და რატომ არ ხდება პროკურატურის ეფექტური გამოძიება. მინდა მივმართოთ მთავარ პროკურორს, არ დაუშვას თავისუფალი ბიზნესის უფლებების შელახვა და დროულად მოხდეს საქმეზე პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება“ - აღნიშნა პრეზენტაციაზე კომპანიის დირექტორმა, ბესიკ შენგელიამ.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არაპირდაპირ იკვეთება, მე რაც მოვისმინე და რაც წავიკითხე, პროკურორების, სამართალდამცავი სტრუქტურების დაინტერესება საქმის შედეგით, და აქვე დაისვა ლოგიკური კითხვა, თუ ეს ადამიანი არ იქნება ჩამოცილებული, როდესაც ხდებოდა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები,მივუთითებთ იმაზე, რომ სამწუხაროდ მთავარი პროკურატურაც არის საქმეში გარეული იმიტომ, რომ როდესაც საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადღაც 400 – 500 პროკურორია, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, საზოგადოებრივი ინტერესია, როცა პრესა, მედია არის დაინტერესებული, პროკურორმა არ იცოდეს ეს საქმე, მთავარმა პროკურორმა, ეს არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, როცა ჩერდება ეს საქმე, სავარაუდოდ მთავარ პროკურატურასთან არის შეთანხმებული,  რომ ეს საქმე გაჩერდეს. ამ საქმეს სჭირდება პოლიტიკური ნება. სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ეს საქმე იქნება ძიებაში, რაც ხდება ძალიან ბევრ საქმეებზე“ - განაცხადა პრეზენტაციაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2015 წლის 30 იანვრიდან დრომდე, რაც საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, მხარისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქმეზე ან/და რატომ ვერ ხდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხი უკიდურესად შემაშფოთებელია და ხაზს უსმევს გამოძიების შესაძლო დაინტერესებას, რაც უპირველესს ყოვლისა, წარმოაჩენს ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების ნეგატიურ პრეცედენტს. ორგანიზაცია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის და შეფასების შედეგად, მიმართავს საქართველოს მთავრობას, მთავარ პროკურატურასა და საქართველოს სახალხო დამცველს:

  • მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმეზე უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, ვინაიდან არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვლინდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი და გამოძიების გაჭიანურებამ არ უნდა გააგრძელოს კომპანიის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების უხეში დარღვევის პროცესი;
  • მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გონივრული სტანდარტის პრინციპზე დაფუძნებით, არსებული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების, საექსპერტო დასკვნების ერთობლიობის საფუძველზე, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალი“ ცნოს დაზარალებულ სუბიექტად;
  • მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბიზნესს-ინტერესების განხორციელებას და დაცვას. გაკეთდეს მკაფიო აღნიშვნები ბიზნესის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიუკერძოებლად ჩატარების თაობაზე;
  • მნიშვნელოვანია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელოს საქმეზე საზედამხედველო უფლებამოსილება შეაფასოს საქმის წარმოების პროცესის კანონიერება და მისი შესაბამისობა სამართლიანობის და კანონიერების პრინციპებთან.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მონიტორინგი 2017 წლის აპრილში დაიწყო. მომზადებული სამართლებრივი დასკვნა უკვე ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაცია დოკუმენტს მიაწვდის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ადგილობრიოვ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს.



კომენტარები