საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, 2017 წლის 1 ივნისს როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო და იმავდროულად, არ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის წერილობითი შუამდგომლობა საქმიდან უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის: მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის საქმიდან აცილების თაობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თამამად უწოდებს სისტემას მოქალაქის წინააღმდეგ. მიღებული მასალების საფუძველზე, ცნობილი ხდება როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განმხილველი პალატის შემადგენლობა - მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე და პაატა სილაგაძე. იქედან გამომდინარე, რომ მაია ვაჩაძესა და ნუგზარ სხირტლაძეს უკვე არაერთგზის მონაწილეობა აქვთ მიღებული როლანდ ბლადაძის ქონებრივი უფლებების აღდგენის საქმეებში, მხარე დაუშვებლად მიიჩნევდა და მიიჩნევს აღნიშნული მოსამართლეების როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხილვაში ხელმეორედ დაშვებას და მონაწილეობას. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის კონსტიტუციური უფლებების - საკუთრების უფლების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის ფეხქვეშ გათელვად აფასებს და აღნიშნავს, რომ მაია ვაჩაძის მიერ მიღებული 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების ყველა ნორმის, ყველა პრინციპის, ყველა დათქმის უხეში, პირდაპირი და დაუშვებელი დარღვევაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განჩინებაში წერია: „საქმის განხილვაში მოსამართლის მოანწილეობის მიღების გამომრიცხავ გარემოებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი. კასატორი ვერ ადასტურებს რომელიმე მათგანის არსებობას. კასატორის მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ისეთ კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლის მიკერძოებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსამართლის აცილების შესახებ მოტხოვნა უნდა ემყარებოდეს არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს. კასატორის მიერ მითითებული არგუმენტები უსაფუძვლოა, რამდენადაც ის გარემოება, რომ მოსამართლეებს ადრე მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვა საქმეთა განხილვაში, რომლებშიც მოსარჩელეს როლანდ ბლადაძე წარმოადგენდა, თავისთავად არ ქმნის მოსამართლეთა აცილების საფუძვლებს“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამაოგნებელია სასამართლოს მსჯელობა და პოზიცია. საზოგადოებამ, მთელმა სასამართლო სისტემამ იცის, რომ როლანდ ბლადაძეს მხოლოდ ერთადერთი ქონება ჩამოართვეს და ჩამორთმევის დღიდან, ყველა ვარგისი საშუალებით, სხვადასხვა სასარჩელო მოთხოვნების პირობებში, ცდილობდა და დღემდე ცდილობს ერთადერთ ქონებრივ უფლებებში აღდგენას. შესაბამისად, მეტადრე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან შეფასება იმისა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში, რაც როლანდ ბლადაძე სამართალწარმოებას ახორციელებს, ყველა ეს დავა არ წარმოადგენს ერთადერთი ქონების დაბრუნებისთვის პროცესს და „სხვა დავასთან“ გქვქონდეს საქმე, როგორც ამას მაია ვაჩაძის განჩინება მიუთითებს, სრულიად გამაოგნებელია და ისტორიული მეხსიერების გამო, დაზარალებული როლანდ ბლადაძის უფლებების აბუჩად აგდების მაგალითი. ამასთან, გამაოგნებელია ის გარემოებაც, რომ მოსამართლეები ადასტურებენ როლანდ ბლადაძის საქმის განხილვებში მრავალგზის მონაწილეობას, თუმცა აცილების საკითხი არ კმაყოფილდება იმის გამო, რომ თითქოსდა მხარე ვერ უთითებდეს „ისეთ კონკრეტულ გარემოებას, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლის მიკერძოებას“.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით და წარმოდგენილი მტკციებულებების თანახმად, სასამართლოს და მოსამართლე მაია ვაჩაძის ასეთი მსჯელობა და დასკვნები, ელემენტარულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს:
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 9 სექტემბერს ლევან მურუსიძის (თავმჯდომარე) მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის მონაწილეობით, განიხილა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები სასამართლოს შორის განსჯადობის საკითხის დადგენის მიზნით. დავის საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც ჩამორთმეული ქონება გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2014 წლის 25 ოქტომბერს, მაია ვაჩაძის (თავმჯდომარე), ლევან მურუსიძისა და ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით, მიიღო გადაწყვეტილება და როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრი დაუშვებლად სცნო. დავის საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც ჩამორთმეული ქონება გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებები გამოიყენა თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს სახელმწიფოსთან და გიორგი პაპუაშვილთან მიმდინარე დავაში, რომელსაც ისევ მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე განიხილავს.
- ყველაზე საგანგაშო - 2005 წლის 24 ნოემბერს, საქართელოს უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე მაია ვაჩაძის თავმჯდომარეობით, განიხილა როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევის შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის გაადწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსამართლე მაია ვაჩაძემ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურის მხრიდან როლანდ ბლადაძისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტი კანონიერად მიიჩნია, როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო, ხოლო როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 2014 წლის 25 მარტს, მაია ვაჩაძემ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემა, როდესაც საქმეში არსებობდა უკვე როლანდ ბლადაძის უდანაშაულობის თაობაზე პროკურატურის ახალი დადგენილება, მაინც კანონიერად მიიჩნია და ქონების კანონიერ მესაკუთრედ გიორგი პაპუაშვილის ცნო.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და უშუალო მტკიცებულებების მიხედვით, როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი არ უნდ აგანიხილონ მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძე. ბუნებაში გამორიცხულია მეტი არგუმენტის და მტკციებულების მოტანა, რომელიც მხარეს მოსამართლეების მიმართ მიკერძოების განცდას გაუქარწყლებდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც მიუკერძოებლობის, მაღალი რეპუტაციისა და სამართლიანი სასამართლოს პრიცნიპების დაცვის შესახებ მაგალითს უნდა აძლევდნენ საზოგადოებას და სასამართლო სისტემას, დღეს არღვევენ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების, ეროვნულ კანონმდებლობას - „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში“. შესაბამისად, მხარე სრულ უნდობლობას უცხადებს საქმის განმხილველი პალატის უმრავლესობას და კიდევ ერთხელ მიმართავს მაია ვაჩაძეს და ნუგზარ სხირტლაძეს, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გამო, როლანდ ბლადაძეს მიეცეს სამართლიანი სასამართლოს შანსი, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საქმიდან თვითაცილების თაობაზე, საქმე გადაეცეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საქმეზე დაინიშნოს ის შემადგენლობა, რომლებსაც შემხებლობა არ ჰქონიათ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნების განხილვასთან, დროის არც ერთ ეტაპზე.
„სხვა მხრივ, საქმე განწირულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღებთ სასამართლო სისტემას უდანაშაულო მოქალაქის წინააღმდეგ. სწორედ ასეთმა საქმეებმა უნდა შეძლოს სასამართლო რეფორმის საზოგადოებრივი ნდობა. რა მაგალითს გვაძლევს მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე, რომელთა მიმართაც, ღია და აშკარა მიკერძოების პრეტენზია აქვს მხარეს და არა კვალიფიკაციის. ისინი საქმეს არსებითად არც განიხილავენ. არ შეიძლება მოსამართლის მანტიის ძალაუფლება გამოიყენო უბრალო, დაჩაგრული და მართალი ადამიანების წინააღმდეგ“ - აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ინფორმაციის გაგზავნის ფაქტი უკვე დაადასტურა.
ცნობისთვის: მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდეს როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობაზე და არსებითი განხილვის დაწყებაზე გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს.