„ახალგაზრდა ადვოკატები“ – პროკურატურა „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება

15 ივნისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე სამართლებრივი კვლევის პროცესში, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქმის სამართალწარმოების მიმდინარეობაზე, წერილობით პოზიციას ავრცელებეს. ორგანიზაციამ პროკურატურის წერილობითი გამოხმაურება 2017 წლის 5 ივნისს მიიღო.

„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №092110472 საქმე ს.ს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 24, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულია ათეულობით მოწმე და ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია. რაც შეეხება ს.ს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ დაზარალებულად ცნობის საკითხს, გაცნობებთ, რომ საზოგადოება აღნიშნული სტატუსით სარგებლობდა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც უკვე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, აღნიშნულ საკითხს სწავლობს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია“ - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის წერილში, რომელსაც ხელს ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო  ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი ვანო ოქროპირიძე აწერს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურას „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მოწოდების მიზნით, 2017 წლის 18 აპრილს მიმართა. ორგანიზაციამ საქმეზე სამართლებრივი კვლევა 2017 წლის 5 ივნისს გამოაქვეყნა, მათ შორის სარეკომენდაციო წინადადებები უკვე მიეწოდა საქართველოს მთავარ პროკურორს, სადაც ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

  • მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმეზე უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, ვინაიდან არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვლინდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი და გამოძიების გაჭიანურებამ არ უნდა გააგრძელოს კომპანიის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების უხეში დარღვევის პროცესი;
  • მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გონივრული სტანდარტის პრინციპზე დაფუძნებით, არსებული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების, საექსპერტო დასკვნების ერთობლიობის საფუძველზე, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალი“ ცნოს დაზარალებულ სუბიექტად;

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ამ დრომდე არ ახდენს დანაშაულის მომზადებასა და ჩადენაში მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც ტოვებს საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორცელების ვარაუდს და მიუთითებს ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე, ვინაიდან განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკუტრატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების შესაძლებლობას.

კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე 2010 და 2013 წელს დადგა, როდესაც საჯაროდ გახდა ცნობილი კომპანიაში ჩადენილი ფინანსური დანაშაულის თაობაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ სოსო ზარქუამ და მანანა მიქავამ შეთანხმებით, ყალბი სესხების გაცემით, 807 471,76 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს კომპანიას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე..-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, 2006 წლის 13 ოქტომბრიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის - მესტიის რაიონული პროკურატურის ყოფილი პროკურორის, ფელიქს ჯალაღონიას მიმართ გაცემულ იქნა 4 სესხი. აღნიშნულის პარალელურად, 3 სესხი იქნა გაცემული ამავე პროკურორის მეუღლის მიმართ. სესხები გაიცემოდა სხვადასხვა სამოქალაქო პირებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ წრეს. კომპანიიდან სესხები გაიცემოდა იმ წესებისა და პროცედურების დაცვის გარეშე, რომელიც კომპანიაში აღიარებულ და სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენდა. სესხები გაიცემოდა საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების გარეშე ან კომიტეტის წევრების მანიპულირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2015 წლის 30 იანვრიდან დრომდე, რაც საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, მხარისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქმეზე ან/და რატომ ვერ ხდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხი უკიდურესად შემაშფოთებელია და ხაზს უსმევს გამოძიების შესაძლო დაინტერესებას, რაც უპირველესს ყოვლისა, წარმოაჩენს ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების ნეგატიურ პრეცედენტს. ორგანიზაცია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის და შეფასების შედეგად, მიმართავს საქართველოს მთავრობას, მთავარ პროკურატურასა და საქართველოს სახალხო დამცველს:

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მონიტორინგი 2017 წლის აპრილში დაიწყო. მომზადებული სამართლებრივი დასკვნა უკვე ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

 



კომენტარები