საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლეებმა მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ „პაპუაშვილის საქმის“ განხილვაზე უარი განაცხადეს, დავის განმხილველი ადმინისტრაციული პალატა დაიშალა და საქმე გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც, კანონის თანახმად, ახალი მოსამართლეთა შემადგენლობა უნდა დაასახელოს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ იყო, ვინაიდან 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა მოსამართლეების მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის საქმიდან ჩამოშორების თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკიდურესი პროტესტით შეხვდა მხარე, რომელმაც მოსამართლეების მიკერძოების და საქმეზე წარსულში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საჯარო გახადა და აღნიშნა, რომ მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე ერთმნიშვნელოვნად არღვევდნენ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს. შესაბამისად, მხარემ წერილობითი ფორმით, დამატებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო გადაწყვეტილების გასწორება, საქმეზე სტანდარტის მართლმსაჯულების შექმნა, მოსამართლეების საქმიდან გასვლა თვითაცილების ინსტიტუტის ამოქმედებით. 2017 წლის 20 ივნისის განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც დასაბუთებული გახდა მხარის სრული უნდობლობითა და სასამართლოს რეპუტაციის მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვის პრინციპიდან.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე უფლებამოსილია „პაპუაშვილის საქმე“ განიხილოს, ვინაიდან დროის არც ერთ მონაკვეთში, არც ერთ მათგანს, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამასთან, მხარეს გააჩნია სრული ნდობა სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, ვინაიდან მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი შემდგომი მოსამართლეები, პასუხისმგებლები არიან არამხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეების მიმართ, არამედ მართლმსაჯულების ღირსების აღდგენისა და მთლიანი საზოგადოების წინაშე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საზოგადოებაში რწმენას აჩენს, რომ საქმეზე მიუკერძოებელი მართლმსჯაულება განხორციელდება, არ დაიჩაგრება დაზარალებული, აღდგენა ისტორიული სამართლიანობა და საქმეზე პრინციპული გადაწყვეტილებები, ქონებრივ უფლებებში აღადგენს როლანდ ბლადაძეს, სახელმწიფო კი შეასრულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებას და ალტერნატიულ ფართს გადასცემს გიორგი პაპუაშვილს. სამწუხაროდ, საქმეზე ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვერ შეძლეს, რაც არ პასუხობს არც მართმსაჯულების სადღეისო ინტერესებსა და არც ადამიანის უფლებების ინსტიტუციური დაცვის მექანიზმებს. „ჩვენ არ ველოდებით ვინმეს დამარცხებას, ჩვენ ველოდებით პროცესის მონაწილე ყველა მხარის გამარჯვებას, ვინაიდან სასამართლომ უნდა აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა, დაეყრდნოს მტკიცებულებებს და წართმეული სახლი დაუბუნოს მის ერთადერთ და კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და ყოფილ მოსამართლეს გადასცეს ალტერნატიული ფართი. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სახელმწიფოს სურვილის მიუხედავად, ჩანს ასეთი შედეგი ვერ მიიღწევა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ საქმე დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში 2017 წლის 1 ივნისს მიიღო. მხარემ ჯერ კიდევ საკასაციო საჩივრის ფორმატში მოითხოვა, საქმის განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეებს მაია ვაჩაძესა და ნუგზარ სხირტლაძეს არ მიეღოთ, ვინაიდან მაია ვაჩაძეს როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენის დავაზე 3-ჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ნუგზარ სხირტლაძეს კი - 2-ჯერ. აღნიშნული მოსამართლეების მხრიდან, ყველა ეტაპზე, მიღებულ იქნა როლანდ ბლადაძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამასთან, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, სააპელაციო სასამართლოს შემდგომ, რაც საქმიდან მხარის პრინციპული მოთხოვნის შედეგად, განმხილველი შემადგენლობები იქნა აცილებული. როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.