თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, ლისის ტბის წართმევის საქმეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2006 წლის საქმისწარმოების სრული მასალები, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის საქმეზე დაწყებული მონიტორინგის მასალები და ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა, მტკიცებულებების სახით დაერთო.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რამაზ ახლვლედიანის წარმომადგენლების მტკიცება ზ/აღნიშნული მტკიცებულებების საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მნიშვნელობისთვის. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ ერთი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ლისის ტბის წართმევის საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სამართალწარმოების გამოთხოვას. პალატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკითხულია ცალკეული პირები. შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს მოუწევდა მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებების გაცნობა, საქმეზე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
სასამართლომ დააკმაყოფილა მამუკა ხაზარაძის კომპანიის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ ინტერესების დამცველის მოთხოვნა საქმეზე მტკიცებულებების სახით თანდართულ დოკუმენტაციის მიმართ, ალტერნატიული მასალების წარმოდგენისთვის გონივრული ვადის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნულს რამაზ ახვლედიანის ერთ-ერთი ადვოკატი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი არ დაეთანხმა და მოითხოვა, მოპასუხე მხარეს დასახელებინა, თუ რა სახის მტკიცებულებების წარმოდგენის გამო შუამდგომლობდა მხარე სხდომის გადადებას, რაზედაც ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ ინტერესების დამცველმა განაცხადა, რომ სჭირდებოდა მარწმუნებელთან კონსულტაცია, ხოლო სასამართლოს უნდა მიეცა საამისოდ გონივრული ვადა - 1 კვირა.
ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ ინტერესების დამცველის განცხადებით, თუ მხარე ჩათვლიდა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა ალტერნატიული მასალების წამოდგენას, პროცესის მონაწილე პირებს და სასამართლოს, აღნიშნულის თაობაზე, დაწესებულ ვადაში ეცნობებოდათ. პალატამ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელების პრინციპიდან გამომდინარე, სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2017 წლის 10 ოქტომბერს გაგრძელდება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც არ დაკმაყოფილდა რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნები: საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების ბათილად ცნობა რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, სააპელაციო ეტაპზე მოთხოვნილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული საოქმო განჩინებების გაუქმება. დავის მხარეები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტია“.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ (გასაჩივრებულ) გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ შემდეგს: „საქმეში არსებული მასალების თანახმად, რამაზ ახვლედიანს სადავო ქონების საბოლოოდ საკუთრებაში გადაცემამდე, უნდა სეესრულებინა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ამ უკანასკნელთა შესრულებამდე მან თაბად განაცხადა უარი უძრავი ქონების მიღებაზე, ვინაიდან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო შეესრულებინა კონკრეტული პირობები/ვალდებულებები“.
ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმეს ამჟამად განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. მოწმის სახით დაიკითხა რამაზ ახვლედიანიც. როგორც 2017 წლის 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაკითხოს ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. რამაზ ახვლედიანმა არაერთხელ სთხოვა მამუკა ხაზარაძეს, რომ ჩართულიყო და გარკვეულიყო საკითხში, თუ რამ გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი აგრესიული მოქმედებები და ქონების დათმობის სურვილი, როდესაც განწყობა სახელმწიფოსთან მხარეებს გააჩნდათ სათანამშრომლო. მამუკა ხაზარაძე მაშინ ირიბ პასუხს სცემდა, რომ პრობლემების შემთხვევაში, რამაზ ახვლედიანს კონსტიტუცია დაიცავდა. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს გიორგი ტყავაძე (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძე და ნათია ქუთათელაძე. საქმეზე სხდომა 2017 წლის 10 ოქტომბერს განახლდება.