„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასება თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების პროცესზე

21 ივლისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  7 თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს და კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოს დაძლევამდე, საპარლამენტო განხილვებში იმ მოტივირებულ შენიშვნებზე დისკუსიას მოითხოვს, რომლითაც შესაძლეებლია კანონი საზოგადოებრივ ინტერესებთან ახლოს იდგეს. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თუკი საქმე მხოლოდ დანახარჯების შემცირებას ეხება, საჭიროა იმ თვითმმართველი ერთეულების ერთმანეთთან მიერთება, რომლებსაც ნაკლები შემოსავლები და ზედმეტი ბიუროკრატიული ხარჯი გააჩნიათ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თვითმმართველობის რეფორმასთან მიმართებით, საზოგადოების მიმართ წარმოადგენს შემდეგ შეფასებას და განმარტებებს. კერძოდ, როგორც ცნობილია, 2014 წელს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 5–დან გაიზარდა 12–მდე. ეს მოვლენა აკადემიურ წრეებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ შეფასდა, როგორც წარმატებული ნაბიჯი დეცენტრალიზაციისკენ, თუმცა, დღეს, როგორც სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, აღნიშნულმა ცვლილებებმა არ გაამართლა და ამ თვითმმართველი ქალაქების კვლავ გაუქმება უნდა მოხდეს.

კერძოდ, საუბარია შემდეგი მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბებაზე:

  • ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მიიღება – გორის მუნიციპალიტეტი.
  • ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მიიღება – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.
  • ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მიიღება – მცხეთის მუნიციპალიტეტი.
  • ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მიიღება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
  • ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მიიღება – თელავის მუნიციპალიტეტი.
  • ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ახალციხის მუნიციოალიტეტის გაერთიანების შედეგად მიიღება – ახალციხის მუნიციპალიტეტი.
  • ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მიიღება – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

2014 წლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათი მიზანი და მოლოდინი საბიუჯეტო სახსრების გაუმჯობესება იყო, რაც არ გამოუვიდათ. ეს საკმაოდ უცნაური არგუმენტია, რადგან რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა გაუმჯობულიყო მუნიციპალიტეტის სახსრები, თუკი იგი ორად გაიყო, რადგან ამ დროს, როგორც ბიუროკრატიული ხარჯი გაიზარდა, ასევე შემცირდა შემოსავლის რაოდენობა, შემცირებული მოსახლეობიდან გამომდინარე.

ზოგადად, ამჟამინდელ მდგომარეობაზე რომ დავიწყოთ მსჯელობა, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ იმ 7 თვითმმართველ ქალაქს, რომელთა გაუქმებაზეც არის საუბარი, აქვთ თვითმმართველობისა და დამოუკიდებლად განვითარების პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიღებთ არგუმენტს მათი შემოსავლების ვერგაზრდასთან დაკავშირებით, რადგან ჩამოთვლილ თვითმმართველ ქალაქებზე გაცილებით დაბალი შემოსავლები (ამბროლაური, მცხეთა, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, თელავი) სხვა მუნიციპალიტეტებს აქვთ და უცნაურია, რომ ამ არგუმენტის პირობებში, სახელმწიფო უფრო დაბალი შემოსავლების მქონე მუნიციპალიტეტების ერთმანეთთან გაერთიანებაზე არ ზრუნავს. ესაც რომ არ იყოს, თვითმმართელი ქალაქების ბიუჯეტი, რეალურად განვითარდა და სხვა თემებთან შედარებით მათ უფრო მაღალი შემოსაველი აქვთ, თუკი ქალაქ ამბროლაურს არ ჩავთვლით. ამიტომ, არა მათი თვითმმართველ თემებთან შეერთება, არამედ სხვა თემების ერთმანეთთან გაერთიანება და ერთიანი შემოსავლების დაგროვება არის საჭირო.

მიმდინარე რეფორმა მოგვცემს შემდეგ შედეგს – იმ ქალაქებს, რომლებსაც თვითმმართველი თემები მიუერთდება, მოუწევთ სოციალური და სხვა დახმარებების გაცემა სწორედ ქალაქის ბიუჯეტიდან, რაც თვითმმართელი ქალაქის მოსახლეობასაც აზარალებს. ეს იქნება ახლანდელი თვითმმართველი ქალაქების მიერ ერთგვარი მიერთებული მუნიციპალიტეტების „რჩენა“. საყურადღებოა, რომ ჩვენს რეალობაში არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი შემოსავლების ბევრად მეტ ოდენობას აგროვებს, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტები. მაგალითისთვის, ქალაქ გორის საერთო შემოსულობები 2017 წლის ბიუჯეტით შეადგენს 15 802 000 ლარს, ხოლო ქალაქ ზუგდიდის – 18 742 000 ლარს. ამის საპირწონედ, მაგალითისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემოსულობები შეადგენს 8 518 600 ლარს იმ პირობებში, როდესაც საგარეჯოსა და ქალაქ გორის მოსახლეობა, მეტ–ნაკლებად თანაბარია. აქედან გამომდინარე, ამ თვითმმართველი ქალაქების საჭიროება სულაც არ არის მიუერთდნენ ზემოთ ჩამოთვლილ თვითმმართველ თემებს.

რაც შეეხებათ ზოგადად სხვა მუნიციპალიტეტებს, მათ ერთმანეთთან მიერთება ნამდვილად სჭირდებათ. მაგალითისთვის, გორის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება კასპის მუნიციპალიტეტი, სადაც  43 500 ადამიანი ცხოვრობს და რომლის საერთო შემოსულობები ადგილობრივი ბიუჯეტით, 2017 წლისთვის არის 7 982 000 ლარი. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ 2 მუნიციპალიტეტს ნამდვილად ესაჭიროება გაერთიანება და ბიუროკრატიის შეკვეცა, რაც დანახარჯების შემცირებასაც გამოიწვევს. გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებს კი, მოსახლეობის სიჭარბისა და ტერიტორიის სიდიდის გამო, უფრო მოსახერხებელი გარემო ექნებათ საერთო მეურნეობის შექმნისა და ეკონომიკური წახალისებისთვის, შეკვეცილი ხარჯებიდან გამომდინარე. იგივე შეიძლება ითქვას საგარეჯოს მუნიციპალიტეტზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება, ამიტომ შესაძლებელია შეიქმნას თელავისა და საგარეჯოს გაერთიანების შედეგად ერთი მუნიციპალიტეტი, იმავე ბენეფიტების მოპოვების მიზნით, რაც კასპისა და გორის შემთხვევაში მოვიყვანეთ. ასეთივე შემთხვევას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით.

ჩვენი მოსაზრებით, თუკი საქმე დანახარჯების შემცირებას ეხება, საჭიროა იმ თვითმმართველი ერთეულების ერთმანეთთან მიერთება, რომლებსაც ნაკლები შემოსავლები და ზედმეტი ბიუროკრატიული ხარჯი აქვთ. შესაბამისად, უბრალოდ თვითმმართველი თემების თვითმმართველ ქალაქებთან მიბმა ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება, რადგან, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ხსენებული პრობლემა გაცილებით მეტად მცირე შემოსავლების მქონე მუნიციპალიტეტებს აწუხებთ, ვიდრე ჩამოთვლილ თვითმმართველ ქალაქებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვერ ჩავთვლით ამ რეფორმას, როგორც საქართველოს პრეზიდენტი უწოდებს – „ცენტრალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად“, თუმცა ვერც ამ ფორმით მისი განხორციელების საჭიროებას ვხედავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენს რეალობაში არსებული ტერიტორიული მოწყობის პრობლემის გადაჭრის ყველაზე უკეთეს გზას ჩვენ მიერ მოყვანილი შემოთავაზება წარმოადგენს.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 15 ივნისს მიიღო დადგენილება, რომლითაც მხარი დაუჭირა 7 თვითმმართველი ქალაქის: ზუგდიდის, ოზურგეთის, მცხეთის, ამბროლაურის, ახალციხის, თელავისა და გორის თვითმმართველი ქალაქების შესაბამის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე. აღნიშნული პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთვარობამ ინიციატივით მიმართა თვითმმართველობებს, ეფიქრათ მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა, 2017 წლის 20 ივლისს, კანონზე ვეტო გამოიყენა და მოტივირებული შენიშვნებით, პარლამენტს დაუბრუნა. რაც შეეხება ორგანიზაციის შეფასებას, მომზადდა საკონსტიტუციო სამართალწარმოების ხელმძღვანელის, გიორგი ლაბაძის მიერ, რომელსაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს გადაუგზვანის. 



კომენტარები