„ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს „პაპუაშვილის საქმეზე“ მომზადებული ფილმის საჯარო პრეზენტაციას გამართავს

27 ივლისი, 2017

2017 წლის 28 ივლისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასტუმრო „კალასში“ სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონების საქმეზე მომზადებული ფილმის - „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ საჯარო პრეზენტაციას გამართავს და საზოგადოებას საქმისწარმოების პროცესზე უცნობ გარემოებებზე ინფორმაციას მიაწვდის.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რეზონანსულ საქმეს ამჟამად განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ფილმი საზოგადოებას სრულად გააცნობს დავის უცნობ დეტალებს, სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს, ცალკეული მოსამართლეების მიკერძოების ფაქტებს, სახელმწიფოს პოლიტიკას ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მიმართულებით, საქმეზე გიორგი პაპუაშვილის სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთობის უცნობ გარემოებებს, დასკვნებს და მოლოდინებს. ფილმი დოკუმენტურად საჯაროდ პასუხს სცემს საქმეზე მიეკრძოების ყველა კითხვას, რომელიც მომდინარეობს საქმის სასამართლო ეტაპზე არსებულ გავლენებზე, სახელმწიფოსა და გიორგი პაპუაშვილის ერთობლივი ძალისხმევით. შესაბამისად, ნაჩვენებია ყველა დოკუმენტი, რომელიც დაზარალებული მოქალაქის ქონებრივ უფლებებში აღდგენის იურიდიულ წინაპირობებს ქმნის, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები, აღნიშნულზე მიზანმიმართულად სდუმდნენ.

შეხვედრას დაესწრება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამართლიანობის აღდგენის საკითხით დაინტერესებული პირები, ჟურნალისტური კორპუსი. ორგანიზაციის მხრიდან შეხვედარზე მოწვეულია პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ როლანდ ბლადაძის ადვოკატირებას 2014 წლიდან ახორციელებს. ორგნიზაციამ 2015 წელს საქმეზე მოამზადა კვლევა, რითაც საქმე ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო. საქმეზე ორგანიზაციას ამჟამადაც ინტენსიური ურთიერთობები აქვს საერთაშორისო და დიპლომატიურ კორპუსთან, ხოლო საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, უკვე მოამზადა სპეციალური მოხსენება და მიეწოდათ დაინტერესებულ ინსტიტუციებს. ამჟამად, საქართველოს უზენაესს სასამართლოში, საქმეს მოსამართლეები: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე განიხილავენ.

როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.

ფილმის პრეზენტაცია სასტუმრო „კალასში“ 16:00 საათზე დაიწყება.



კომენტარები