„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ ჯგუფები, რომელთა მიზანია სისტემური დანაშაულის საქმეებზე სამართლიანობის აღდგენის შეფერხება. მათი გავლენები პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსტიტუტებზე გაცილებით მაღალია, თუმცა გაუგებარია ლოგიკა, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ - სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დაზარალებული როლანდ ბლადაძის საქმეზე, სამართლიანობის აღდგენა და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება, წესით, ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს. აღნიშნულის შესახებ არჩილ კაიკაციშვილმა როლანდ ბლადაძის საქმეზე ორგანიზაციის მიერ მომზადებული ფილმის: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ საჯარო პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს იმედი, გავლენების მიუხედავად, ქვეყანაში სტანდარტის სასამართლო - საქართველოს უზენაესი სასამართლო შეინარჩუნებს იმ მიუკერძოებლობის ხარიხსს, რომელიც ამ საქმეზე მართლმსაჯულებას ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე სჭირდება, მიღებულ იქნება ქვემდგომი ინსტანციისგან განსხვავებული და თავისუფალი გადაწყვეტილებები, საკასაციო სასამართლო არ მიიღებს არც ერთ მცდელობას, რომელიც როლანდ ბლადაძის საკუთრების უფლებების დარღვევას კიდევ უფრო მეტად გახდის თვალსაჩინოს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს გავლენა - სახელმწიფოს სახით ან გიორგი პაპუაშვილის ჯგუფის მხრიდან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, უზენაესს სასამართლოზე გავლენა რეალური გახადონ“. - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
2017 წლის 28 ივლისს, როლანდ ბლადაძის საქმეზე ორგანიზაციის მიერ მომზადებული ფილმის პრეზენტაცია საჯაროდ გაიმართა, რომელიც საზოგადოებას სრულად აცნობს დავის უცნობ დეტალებს, სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს, ცალკეული მოსამართლეების მიკერძოების ფაქტებს, სახელმწიფოს პოლიტიკას ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მიმართულებით, საქმეზე გიორგი პაპუაშვილის სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთობის უცნობ გარემოებებს, დასკვნებს და მოლოდინებს. ფილმი დოკუმენტურად საჯაროდ პასუხობს საქმეზე მიეკრძოების ყველა კითხვას, რომელიც მომდინარეობს საქმის სასამართლო ეტაპზე არსებულ გავლენებზე, სახელმწიფოსა და გიორგი პაპუაშვილის ერთობლივი ძალისხმევით. შესაბამისად, ნაჩვენებია ყველა დოკუმენტი, რომელიც დაზარალებული მოქალაქის ქონებრივ უფლებებში აღდგენის იურიდიულ წინაპირობებს ქმნის, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები, აღნიშნულზე მიზანმიმართულად სდუმდნენ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამჟამად, საქართველოს უზენაესს სასამართლოში, საქმეს მოსამართლეები: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე განიხილავენ.
ფილმის საჯარო პრეზენტაციას საჯაო უწყების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანობის აღდგენის საკითხით დაინტერესებული პირები, ჟურნალისტური კორპუსი ესწრებოდნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ როლანდ ბლადაძის ადვოკატირებას 2014 წლიდან ახორციელებს. ორგნიზაციამ 2015 წელს საქმეზე მოამზადა კვლევა, რითაც საქმე ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო. საქმეზე ორგანიზაციას ამჟამადაც ინტენსიური ურთიერთობები აქვს საერთაშორისო და დიპლომატიურ კორპუსთან, ხოლო საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, უკვე მოამზადა სპეციალური მოხსენება და მიეწოდათ დაინტერესებულ ინსტიტუციებს.
როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს. დავის მხარეები სახელმწიფოს სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილია.