მედია-კავშირი „ობიექტივი“ სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონების საქმეზე მომზადებულ ფილმს - „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ სატელევიზიო ჩვენებას განახორციელებს. ტელეკომპანიის ეთერში ფილმი დღეს, 5 აგვისტოს, 17:00 საათზე დაიწყება. მედია-კავშირი „ობიექტივი“ ერთადერთი მაუწყებელი აღმოჩნდა, რომელიც ფილმის საზოგადოებრივ ჩვენებას დასთანხმდა. ამასთან, მხოლოდ მედია-კავშირ „ობიექტივმა“ მოახდინა ფილმის საჯარო პრეზენტაციის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით მომზადებული ფილმის პრეზენტაცია თბილისში, 2017 წლის 28 ივლისს შედგა. ფილმი უკვე მიეწოდათ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ქვეყნის გარეთ.
როლანდ ბლადაძის საქმეზე ორგანიზაციის მიერ მომზადებული ფილმი საზოგადოებას სრულად აცნობს დავის უცნობ დეტალებს, სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს, ცალკეული მოსამართლეების მიკერძოების ფაქტებს, სახელმწიფოს პოლიტიკას ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მიმართულებით, საქმეზე გიორგი პაპუაშვილის სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთობის უცნობ გარემოებებს, დასკვნებს და მოლოდინებს. ფილმი დოკუმენტურად საჯაროდ პასუხობს საქმეზე მიეკრძოების ყველა კითხვას, რომელიც მომდინარეობს საქმის სასამართლო ეტაპზე არსებულ გავლენებზე, სახელმწიფოსა და გიორგი პაპუაშვილის ერთობლივი ძალისხმევით. შესაბამისად, ნაჩვენებია ყველა დოკუმენტი, რომელიც დაზარალებული მოქალაქის ქონებრივ უფლებებში აღდგენის იურიდიულ წინაპირობებს ქმნის, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები, აღნიშნულზე მიზანმიმართულად სდუმდნენ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამჟამად, საქართველოს უზენაესს სასამართლოში, საქმეს მოსამართლეები: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე განიხილავენ.
სწორედ დღევანდელ დღეს, 5 აგვისტოს, 1 წლის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა სამართალწარმოების ისტორიაში - საქმეზე გადაწყვეტილება განსჯადი კოლეგიის ნაცვლად, არაგანსჯადამა ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიღო. ფილმში სრულადაა წარმოდგენილი საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი, რომელიც საზოგადოების მაღალ ინტერესს იმსახურებს.