„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოდან სტრასბურგში მოსამართლეობის შერჩევის პროცესზე

25 აგვისტო, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის კონკურსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საქართველოდან მოსამართლეობის კანდიდატები შერჩეულ იქნენ იმ წინაპირობების, დათქმებისა და რეკომენდაციების მიხედვით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობას ღიად მიუთითებს ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის სწორად შერჩევას პირდაპირი კავშირი გააჩნია ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატილი ღირებულებების მიმართ პატივისცემის საკითხთან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანდიდატთა მიმართ, საკონკურსო კომისიამ გამოკვეთილი ყურადღება უნდა დაუთმოს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციის მოთხოვნით შერჩევის ფაქტს, რაც პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის დამატებითი ფაქტორია. ევროსასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის დროს, ყურადღება უნდა გამახვილდეს კანდიდატების ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხზე, მათ მიუკერძოებლობასა და პოლიტიკური პროცესების შესაბამისად, შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების ტენდენციებზე. მნიშვნელოვანია, საკონკურსო კომისიამ შერჩეული კანდიდატების შეფასება მოახდინოს სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, სადაც კანდიდატის სუბიექტური და ობიექტური ტესტით შეფასება, ევროსასამართლოში საქართველოდან მოსამართლეობის მსურველთა წარდგენის საფუძვლებისთვის, ერთ-ერთ გადამწყვეტ წინაპირობად მიგვაჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კონკურსი მონაწილე კანდიდატები, რომლებიც კომისიამ უკვე გასაუბრებაზე მიიწვია, უდავოდ ქმნის კონკურენტულ გარემოს. სწორედ ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს კომისიის წევრი ორგანიზაციების კვალიფიციური ჩართულობა და კანდიდატებთან სრულფასოვანი გასაუბრების პროცესის წარმართვა, რომელიც დადგენილი პრინციპებისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, ღირსეული კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას იძლევა.

ცნობისთვის: 26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართება. 



კომენტარები