სამინისტროებიდან, ბოლო 4 წელიწადში, 26 510 პირი გათავისუფლდა, კომპენსაცია კი 12 350 293 ლარი გაიცა

22 სექტემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის სამინისტროებში დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის შრომით-სამართლებრივი პოლიტიკის საკითხზე მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, შესწავლილ იქნა სამინისტროებში თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, გათავისუფლებისა და მასთან დაკავშირებული თანმდევი პროცესების - სამსახურში აღდგენის, კომპენსაციის გაცემის, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხები. მონიტორინგის პროცესი ეხებოდა 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, შესწავლილი შედეგების მიხედვით დგინდება, რომ 2013-2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის სამინისტროებიდან, საერთო ჯამში, გათავისუფლებულ იქნა 26 510 ადამიანი. აქედან,  შესაძლებელია გამოიყოს 5 სამინისტრო, საიდანაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი თანამშრომლის დათხოვნა მოხდა. ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ყველაზე მეტი თანამშრომელი - 14,540 პირი  გათავისუფლდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან - 7954 პირი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან - 1621 პირი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან - 449 პირი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან - 350 პირი.  

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა თანამშრომლთა გათავისუფლების ძირითად მიზეზებს წარმოადგენდა შტატების შემცირება-რეორგანიზაცია, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა, დისციპლინური გადაცდომა და პირადი განცხადების საფუძველები. საერთო ჯამში, 2013-2017 წლებში, მთავრობის სამინისტროებიდან შტატების შემცირება/რეორგანიზაციის მიზეზით, დათხოვნილია- 181 პირი, სამსახურის ვადის გასვლის გამო - 313, დისციპლინური გადაცდომის გამო - 34, ხოლო პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა 1 597-მა თანამშრომელმა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაღალია თანამშრომელთა დანიშვნის მაჩვენებელი. 2013-2017 წლებში, მთავრობის სამინისტროებში, საერთო ჯამში, დაინიშნა - 25 895 თანამშრომელი. აქედან, ყველაზე მეტი დასაქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროში - 14 519, ყველაზე მცირე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში - 14 პირი. რაც შეეხება დაწინაურების მაჩვენებელს, რაც სამინისტროების მხრიდან კადრების განვითარების, მათი პროფესიული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობას გულისხმობს, დაბალია. სამინისტროებში, ამ ხნის განმავლობაში, სულ დაწინაურდა - 14 440 თანამშრომელი, რაც თავის მხრივ მთავრობის სამინისტროებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით, დაბალია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა დაწინაურების ნაწილში ლიდერობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, აღნიშნულ უწყებაში 2013-2017 წლებში, როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა შემთხვევაში, ჯამში დაწინაურებულია - 13 069 პირი, ხოლო დარჩენილი 1371 პირი დაწინაურდა დანარჩენი 17 სამინისტროს შემთხვევაში, რაც მიუთითებს იმას, რომ მთავრობის ცალკეული სამინისტროებში ნაკლებად შეინისნება კადრების კარიერული ზრდის ტენდენციები.

ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა, 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგად, თუ რამდენი თანამშრომლის აღდგენა მოხდა თანამდებობაზე. იკვეთება, რომ  სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება გამოიტანა 43 პირის მიმართ. აქედან 42 შემთხვევაში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო 1 გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა კონკრეტულ სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული სტრუქტურული ერთეულის გამო. მონიტორინგის მიხედვით, ყველაზე მეტი - 24  კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გვხვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში.

ამასთან, გათავისუფლებული თანამშრომლის მიმართ კონპენსაციის, დახმარების ან/და იძულებითი შრომის განაცდურის ანაზღაურების მიმართულებით, ყველაზე მოცულობითი თანხები გაიცა თავდაცვის სამინისტროს მიერ - 11 749 241 ლარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან - 257 830 ლარი,  შინაგან საქმეთა სამინისტროდან - 94 895 ლარი,   ჯანდაცვის სამინისტროდან - 57 360 ლარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან - 56 860 ლარი, ფინანსთა სამინისტროდან - 53 540 ლარი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან - 48 567 ლარი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროდან - 32 000 ლარი. საერთო ჯამში, 2013-2017 წლებში, მთავრობის სამინისტროების მხრიდან კომპენსაციის და იძულებითი შრომის განაცდურის ანაზღაურებისა მიზნით, გაცემულია 12 350 293  ლარი.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ წარმოდგენილი მონიტორინგი: „საქართველოს მთავრობის სამინისტროების საშტატო პოლიტიკა 2013 – 2017 წლებში“, დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მოამზადა. მონაცემები დაეყრდნო მთავრობის სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზსს. ორგანიზაცია, ამ მიმართულებით, მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.  



კომენტარები