ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, კოალიციური წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე, ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი საერთაშორისო მდივანი, ადვოკატი დავით ასათიანი წარადგინეს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2017 წლის დეკემბერის არჩევნებში, ოფიციალურად ჩაერთვნენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დავით ასათიანის მხარდაჭერა განაპირობა მისმა რეპუტაციამ, პროფესიონალიზმა და გამოცდილებამ.
„ჩვენთვის, „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მომავალ თავმჯდომარედ ვასახელებდეთ ბატონი დავით ასათიანის კანდიდატურას. ჩვენი გადაწყვეტილება დაფუძნებულია დავით ასათიანის პიროვნულ და პროფესიულ სამ მთავარ ფასეულობასა და ღირებულებას, რომელიც ჩვენთვის ყველა ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მნიშვნელოვანია. ესაა: რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და გამოცდილება. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს შორის, ყველაზე მეტად, სწორედ ბატონი დავით ასათიანი განასახიერებს ხელმძღვანელის იდეას, თუ როგორი უნდა გახდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს და შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა. სულ რაღაც, ორი წლის წინ, ჩვენ, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარვუდგინეთ ქალბატონი ნინო გვენეტაძის კანდიდატურა და მიმაჩნია, რომ დღეს სასამართლოს ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბატონი დავით ასათიანი იქნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმატებული ხელმძღვანელიც და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი შემდგომი რეალური თანასწორუფლებიანობა სასამართლო დარბაზებში, რაც აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან ინსტიტუციური დიალოგის ფორმატში, მიიღწევა. ბატონ დავითს და ყველა ჩემს კოლეგას, წარმატებას ვუსურვებ ამ სამართლიან ბრძოლაში“ - განაცხადა წარდგენისას არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილმა საჯარო მადლობა გადაუხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ქართველი ადვოკატების წინაშე არსებული დამსახურებებისთვის და მის მმართველობას ისტორიული პერიოდი უწოდა.
ცნობისთვის: “ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, დავით ასათიანის კანდიდატურა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ „საადვოკატო ბიუროთა გაერთიანებამ“, ,,ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა“, ადვოკატთა ფართო კოალიციურმა ჯგუფმა წარადგინეს.