დღეს სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე კვლევისა და შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია ზუგდიდში გაიმართება

29 სექტემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიკროსაფინასო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე დღეს კვლევისა და შუალედური ანგარიშის რეგიონულ პრეზენატაციას ზუგდიდში გამართავს: თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულში დასახელებულ პირებს. მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც ტოვებს საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორცელების დასაბუთებას და მიუთითებს ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე, როდესაც არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკუტრატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების ჩატარებას. შესაბამისად, ორგანიზაციამ შეისწავლა საქმე და მას საჯაროდ ხდის ფართო საზოგადოებისთვის.

ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დასკვნასთან ერთად, მოამზადა სარეკომენდაციო წინადადებები საქართველოს მთავრობის, მთავარი პროკურატურისა და სახალხო დამცველის მიმართ. მონიტორინგში დეტალურადაა წარმოდგენილი საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, მათი ანალიზი. ასევე, მომზადდა კვვლევის შემდეგ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან რეაგირების ანალიზიც.

კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან საჯარო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები, ბეჭდვური და ელექტრონული მედია. პრეზენტაციას დაეწრება ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მონიტორინგი 2017 წლის ივნისში გამოაქვეყნა. კვლევამ საქმიან წრეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის, მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. ორგანიზაციის შუალედური ანგარიში და გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, უკვე მიეწოდათ საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს, ეროვნულ დონეზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა The National Democratic Institute, International Republican Institute, humanrightshouse, FIDH, NHC, HRHF, OMCT და Amnesty International.

კვლევის პრეზენტაცია 12:00 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში გაიმართება. 



კომენტარები