პარლამენტს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად ქეთევან ბექაური წარედგინა

2 ოქტომბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის შესარჩევ კონკურსში ქეთევან ბექაურის კანდიდატურა წარუდგინეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქეთევან ბექაური აკმაყოფილებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის კანდიდატურის წარდგენისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. არის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის (მოსამართლეთა  დისციპლინური გადაცდომები და მათი განმარტებები) და სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის და მასზე თანდართული მოსაზრებების თანაავტორი. 2013 და 2015 წლებში, საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ქეთევან ბექაური ორჯერ იქნა არჩეული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად, რაც დამატებით ხაზსს უსმევს თავის გამოცდილებას და პროფესიულ შესაძლებლობებს. 2014-2017 წლებში, გამოქვეყნებული სამართლის აქტუალურ საკითხებზე, წარმოდგენილი აქვს 10-ზე მეტი ნაშრომი, კვლევა და მოსაზრება. მისი განსაკუთრებული მოღვაწეობა ნიშანდობლივია მოსამართლეთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე წარმოდგენილი ნაშრომებით, რომელიც არაერთი ქვეყნის შედარებით ანალიზსს მოიცავს. ამასთან, ქეთევან ბექაურის მრავალწლიანი საქმიანობა მთლიანად დაკავშირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან. გახლდათ არაერთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმის წარმომადგენელი. სასამართლო რეფორმის, ადვოკატის როლის გაზრდის, მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების და განგრძობითი იურიდიული განათლების უზრუნველყოფის პროცესში, საკუთარი წვლილი შეჰქონდა პროფესიული გაერთიანების, სხვადასხვა კომისიის წევრობითა და სამეცნიერო მოღვაწეობით.

„ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ქალბატონი ქეთევან ბექაური, რომელიც კარგად იცნობს საერთო სასამართლოების საქმიანობას და სისტემას, წარმოდგენილი კონკურსისთვის შესაფერისი, ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატია. ამიტომაც, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის ასარჩევი კონკურსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 12 სექტემბრის განცხადების აფუძველზე გამოცხადდა.  კონკურსში მონაწილეობის ვადა 3 ოქტომბერს მთავრდება. 



კომენტარები