„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხუთი შეკითხვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრს

4 ივნისი, 2012

საქართველოს საზოგადოებას გააჩნდა მოლოდინი, რომ საქართველოს განახლებული მთავრობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრად ახალ კანდიდატურას განიხილავდა, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო სისტემაში არსებული კრიტიკული მდგომარეობით, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და მისიების მკაცრი შეფასებებითა და ყველა იმ პრობლემის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ციხეებში სადღეისოდ, პატიმართა მდგომარეობას გაუსაძლისს, არასათანადოს, შეუფერებელსა და ადამიანის ღირსების შემლახველს ხდის, თუმცა მოქმედი მინისტრის მიმართ გამოჩენილმა ერთგულებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს არ სურს სასჯელაღსრულების სისტემაში გადახედოს საკუთარ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას და „ნულოვანი ტოლერანტობა“ ისევ რჩება პრიორიტეტულ მიმართულულებად. 

დღეს საქართველოს პარლამენტი საქართველოს განახლებულ მთავრობას და ახალ სამთავრობო პროგრამას „მეტი სარგებელი ხალხს“ მხარდაჭერას გამოუცხადებს, თუმცა ეს მანდატი მოცემულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. პარლამენტი სწორედაც ხალხის სახელით მოქმედებს და განახლებული მთავრობის ლეგიტიმაციაც ხელისუფლების მთავარი წყაროს – ხალხის საჯარო ხელისუფლებასთან უწყვეტი კავშირით არის საგულისხმო. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,  ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ ვაძლევთ მანდატს, ვდებთ მათთან სამოქალაქო ინტერესების დაცვისა და განხორციელების ხელშეკრულებას და მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების მანდატში, გვაქვს სრული უფლება მოვითხოვოთ ჩვენი დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ახსნა–განმარტებანი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრად ძველი მინისტრის კანდიდატურის დამტკიცება კიდევ უფრო მეტ შეკითხვას და უნდობლობას ბადებს პროფესიულ წრეებსა და ფართო საზოგადოებაში, ახალი მინისტრის მანდატის შემთხვევაში კი, ჩნდებოდა განცდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულება დაბრუნდებოდა სამართლებრივ წესრიგში და ადამიანის უფლებების  კუთხით გატარებული ღონისძიებები პატიმრებსაც და მათი ოჯახის წევრებსაც მშვიდი ცხოვრების საშუალებას მისცემდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრს და საჯაროდ მოვითხოვთ პასუხებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკთხების მიმართ დამოკიდებულებაზე.

1. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ (FIDH) კვლევით, საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. დაკავებულთა ოჯახის წევრებთან, იურისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების გაცნობის შემდეგ, FIDH–მ განაცხადა, რომ „საქართველოში ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც „პოლიტიკური პატიმრების” შესახებ ევროპის საბჭოს დეფინიციის თანახმად, „პოლიტიკურ პატიმრებად” უნდა მიიჩნიონ. აპირებთ თუ არა გადახედოთ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა საქმეებს და მიიღოთ მათი ვადამდე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება?

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკისა და ინფორმატიზაციის განყოფილების ცნობით, „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე ციხეებში 113 ადვოკატი იხდის სასჯელს. არაერთი ორგანიზაცია და უფლებადამცველი მიუთითებს, რომ ადვოკატების პასუხისგება ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური დევნის გამო ხდება. აპირებთ თუ არა გადახედოთ დაკავებული ადვოკატების საქმეებს და მიიღოთ მათი ვადამდე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება?

3. სისტემის წარმატებული მექანიზმი – პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლების საბჭოები პერიოდულად განიხილავს ბრალდებულთა საქმეებს. ვადამდე ადრე გათავისუფლებულთა რიცხვი პერიოდულობით არ აღემატება 250 ადამიანს. ემხრობით თუ არა ქვეყანაში ფართომაშტაბიანი ამნისტიის იდეას ან ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ ფართომაშტაბიანი გათავისუფლების წინადადებას?

4. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, 2012 წლის არჩევნებისთვის მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირები ისარგებლებენ საარჩევნო ხმის უფლებით. გვითხარით, რას აპირებს სამინისტრო, რათა არჩევნები ციხეებში იყოს გამჭვირვალე, წინასაარჩევნო კამპანია იყოს დაშვებული და არასამთავრობო სექტორს შესაძლებლობა მიეცეს განახორციელონ დაკვირვება და მონიტორინგი?

5. დაასახელეთ თქვენი ახალი უფლებამოსილების მანდატში ახალი პრიორიტეტები ან აპირებთ თუ არა განახორციელოთ ცვლილებები სისტემაში, რომელიც უკვე რეფორმის სახით მიმდინარეობს. 



კომენტარები