საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკნინება, შესაძლოა ბიზნესის ინტერესებში შედიოდეს

27 ოქტომბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯგუფების სხვადასხვა პოზიციას ეხმაურება, რომლითაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, შემძენი ითვლება მესაკუთრედ იმ შემთხვევშიც, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისთვის ცნობილია.

ორგანიზაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ლაბაძის განცხადებით, დღემდე სასამართლოს გაადწყვეტილების გავლენებისა და უარყოფითი შედეგების თაობაზე, საზოგადოებას მიეწოდება ცალმხრივი შეფასება. ორგანიზაცია ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებებს, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების შესაძლებლობას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შეჩერებას და საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გარიგებათა ჩაშლის მოლოდინს, თუმცა ორგანიზაცია სრულად იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც ეხება გადაწყვეტილების რისკებს და მიმართავს საქართველოს მთავრობას, საზოგადოებისთვის, რაც შეიძლება გონივრულ ვადებში გახდეს ცნობილი, რა ხედვა და სისტემა იქნება შემოტანილი, ნამდვილი მესაკუთრეებისა და კეთილსინდისიერი შემძენების ინტერესების დასაცავად.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ ხდება საზოგადოების ობიექტური ინფორმირება, ხოლო ცალკეული გამონათქვამები და შეფასებები, დისკრედიტაციას უკეთებს სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების მიზანმიმართული კრიტიკა, შესაძლებელია გამომდინარეობდეს მსხვილ ბიზნესთან აფილირებული ექსპრეტების ლობისტურ ინტერესებთან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, მხოლოდ უარყოფიოთ კონტექსტში შეფასება, არ ემსახურება საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზანს და შესაძლებელია ხელოვნურად ხდებოდეს გადაწყვეტილების დისკრედიტაცია. სასამართლოს გადაწყვეტილება გამომდინარეობს თანაზომიერების პრინციპიდან, რაც გულისხმობს უფლების შეზღუდვას უფრო მაღალი საჯარო ინტერესის დაცვის სასარგებლოდ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ თავდაპირველი/კანონიერი მესაკუთრეების საკუთრების უფლება წარმოადგენს უფრო მეტი დაცვის საჭიროების მქონე ობიექტს, ვიდრე შემძენის საკუთრების უფლება. ეს მიდგომა სრულიად ლოგიკურია, რადგან როდესაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საჩივრის ან დავის შესახებ ინფორმაცია არსებობს, შემძენი ვალდებულია ატაროს ამ სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე რისკი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართეველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი იყო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, საკუთრება, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა საჩივარი და ამის შესახებ შემძენს ჰქონდა ინფორმაცია, იგი ვეღარ გახდებოდა კეთილსინდისიერი შემძენი და  წარმოდგენილი იყო, როგორც რისკის მატარებელი. მეტიც, თუკი სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, სახეზე კვლავ გვექნებოდა „შემძენის“ და არა „კეთილსინდისიერი შემძენის“ ინსტიტუტი, რამდენადაც, თუკი პირს ინფორმაცია აქვს სადავო ქონების შესახებ, იგი კეთილსინდისიერად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან ასეთი სტანდარტი სრულიად დაუცველს ტოვებს ნივთის კანონიერ მესაკუთრეს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაბამისობაში მოიყვანოს საპროცესო კანონმდებლობა და შემოღებულ იქნეს იმგვარი სისტემური დაცვის მექანიზმი, რომელიც შეძლებს უკანონო გარიგებებისგან სუბიექტების დაცვას. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღობს განხილვებსა და დისკუსიებში, წარმოადგინოს საკითხთან დაკავშირებით წინადადებები.

 



კომენტარები