ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას ლისის ტბის დათმობის საქმეზე სწრაფი და ეფექტირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს და ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროკურატურის მთავარი ამოცანაა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაჩქარდეს და რამაზ ახვლედიანი დაზარალებულად იქნეს ცნობილი. იმავდროულად, დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირთა სამართლოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოახდინეს რამაზ ახვლედიანის იძულება ქონების დათმობის მიზნით. მხარემ პროკურატურას 2017 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა და საქმეზე იმ პირთა მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა, რომლებსაც უშუალო შემხებლობა გააჩნიათ ლისის ტბის წართმევის პროცესთან. პროკურატურამ წარდგენილი სიიდან, 2017 წლის მაისში, მხოლოდ ნოტარიუსი ციური ბერიძე დაკითხა, რომელმაც ღამის საათებში, მაშინდელი ფინანსური პოლიციის წარმომადგენლების თანდასწრებით, ბიზნესმენის ქონების გადაფორმება მოახდინა, რაც არასაკმარისია საქმეზე სრული ჭეშმარიტების დასადგენად და პროკურატურის მხრიდან სხვა მოწმეების დაკითხვაზე თავშეკავება, უკვე აჩენს მნიშვნელოვანი მიკერძოების გონვრულ ვარაუდს და საფუძვლებს.
როგორც პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაკითხოს ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არის არსებითად მნიშვნელოვანი.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სწორედ პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქმეზე, 2017 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე წარდგენილ იქნა ახალი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ 2005 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ს.ს. „ლისის ტბას“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად, ანგარიშზე ერიცხებოდა 2,715.000.00 მლნ ლარი. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანსა და მის ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს, ს.ს. „ლისის ტბის“ მეშვეობით, სრული მზაობა გააჩნდათ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისთვის, თავის მხრივ, რამაზ ახვლედიანი მზადყოფნას გამოთქვამდა ლისის ტბის კომპლექსის 63,5 ჰა შესყიდვაზე და არ არსებობდა არც ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რამაზ ახვლედიანს, თავისუფალი ნების პირობებში, უარი ეთქვა მამუკა ხაზარაძესთან საერთო ბიზნესზე და პარტნიორობაზე.
ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც თვალსაჩინო გახდა ლისის ტბის წართმევის საქმეზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციებიდან და აღნიშნავს, რომ სისტემური დანაშაულის ყველა საქმეზე თბილისის მუნციიპალიტეტის მერია სადავოდ გამხდარი აქტებისა თუ გარემოებების მიმართ, წინა ხელისუფლების პოლიტიკურ-სამართლოებრივ პოზიციას აგრძელებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც, თბილისის მუნიცპალიტეტის მერიის სამართლებრივ პოზიციას ის იურისტები წარმოადგენენ, რომლებსაც წარსულში შემხებლობა გააჩნდათ ასეთი ტიპის საქმეების წარმოებასთან. შესაბამისად, მათი სასამართლო დარბაზებში სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ, ხშირად არათანაზომიერი, შეურაცხმყოფელი და ცინიკურია, რაც კრიტიკას ვეღარ უძლებს. აღნიშნულის საუკეთესო მაგალითია რამაზ ახვლედიანის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც თბილისის მუნციპალიტეტის მერია მხარეა. ორგანიზაცია აპირებს, თბილისის ახალ მერ კახი კალაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციაც მიაწოდოს.