ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა საჯარო მოქმედება, გადაწყვეტილება და პოზიცია, საჯარო ინტერესებთან შესაბამისობით უნდა გამოირჩეოდეს.
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქართულ სასამართლო სისტემაზე პასუხისმგებელი კონსტიტუციური ორგანოა, რომლის საქმიანობის პოლიტიკა განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ინდივიდუალური მოსამართლის როლსა და სისტემის მიუკერძოებლობას. სასამართლო ხელისუფლებას სრული დამოუკიდებლობისთვის არამხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, არამედ საზოგადოების ლეგიტიმაცია და ნდობა. 2004-2012 წლებში, რეფორმირებულმა სასამართლომ პრინციპულ, საჯარო ინტერესების მქონე საქმეებზე მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, თავი შეირცხვინა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირდაპირმა და ირიბმა გავლენამ, მოსამართლეების რეპუტაცია საჯაროდ შელახა. სისტემაში ჩამოყალიბდა გავლენის სფეროები და სასამართლო გახდა შერჩევითი მართლმსაჯულების ადგილი. მხარეთა თანასწორუფლებიანობა და ადვოკატის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, გავლენას ვერ ახდენდა ობიექტური გადაწყვეტილებების დადგომაში. სასამართლოს მდგომარეობა აისახა საზოგადოების სამოქალაქო პოზიციებშიც. შესაბამისად, 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების მთავარი მოტივაცია, მათ შორის ერთპარტიული დემოკრატიის სასამართლო ხელისუფლებაში დასრულების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, თუმცა ყველა პრობლემის სათავე, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაშიც, შესაძლებელია განპირობებული იყოს იმ ფაქტორებით, როდესაც არ მომხდარა მძიმე მემკვიდრეობის სამართლებრივი შეფასება, პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილება, სასამართლო ხელისუფლებისთვის მისი ძირითადი ფუნქციის დაბრუნება და სამართლიანობის აღქმის საზოგადოებრივი მოთხოვნების უზრუნველყოფა.
სწორედ ამ რეალობებიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, მართლმსაჯულების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რატომ არ ხდება კონსესუსის მიღწევა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის, რა მიზანს ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის პირდაპირი დისკრედიტაცია, პასუხობს თუ არა საბჭოს მოქმედებები დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნებს?
ჩვენი პოზიციაა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით შეარჩიოს, დანიშნოს და განამწესოს მოსამართლეები, მაგრამ თუკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დასაბუთებული კითხვები არსებობს ხელთავიდან დასანიშნი მოსამართლეების მიმართ, მათი დამოუკიდებლობის, მიკერძოების და სისტემური დანაშაულების საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამო, დაუშვებელია, სისტემა ინარჩუნებდეს ასეთ მოსამართლეებს.
ამ პროცესში, საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, კანონით ვალდებულია, უზრუნველყოს სასამართლოს რეპუტაციის დაცვა და შეასრულოს მაკონტროლებლის ფუნქცია.
მიგვაჩნია, რომ საბჭოს მთავარი ინტერესი უნდა იყოს 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის გეგმის განხორციელება, კონსესუსის, თანამშრომლობისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო სისტემაში უნდა დასრულდეს გავლენის სფეროები და მოსამართლეების დაყოფა გავლენის სფეროში შემავალ პირებად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანი ხალხში ნდობის აღდგენა უნდა იყოს და არა - ნინო გვენეტაძის ჩამოცილება.
ნინო გვენეტაძემ ქართული სასამართლო სისტემის განვითარებისთვის, აირჩია მტკივნეული რეფორმების გზა, რომელიც ასევე, გასაგებია, რომ ერთნაირად პოპულარული და მისაღები ვერ იქნება მოსამართლეთა გარკვეული ნაწილისთვის. ამავდროულად, სასამართლო სისტემაში იზრდება იმ მოსამართლეთა რიცხვიც, რომელთაც ობიექტურად სურთ თავისუფალი მართლმსაჯულების განხორციელება. შეცვლილია თავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოკიდებულება მართლმსაჯულების მიზნებთან მიმართებით.
ამიტომაც, მიმაჩნია, რომ ნინო გვენეტაძის ფაქტორი სასამართლო სისტემისთვის და არსებული გამოწვევების ფონზე, სრულად პასუხობს, როგორც ქართული საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებს, ასევე სასამართლო სისტემის საერთაშორისო პარტნიორებს - გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ხედვას ეროვნული მართლმსაჯულების გარანტიებისთვის. ვფიქრობ, ეს ნიუანსები და პასაჟები, სათანადოდ შეფასებულია მართლმსაჯულების განმახორციელებელი ყველა მონაწილის მხრიდან. ამიტომაც, სახიფათოდ მიმაჩნია გვენეტაძის გადადგომა თანამდებობიდან, ჩამოცილება რეალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საყურადღებოდ, ერთხელ უკვე მოხდა და იმ პროცესების შედეგების გასწორებაზე, დღეს მხოლოდ საზოგადოება ფიქრობს“ - ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში.