ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ საპროექტო წინადადებაზე მომზადებული კვლევა თბილისის მუნიციპალიტეტის მერ კახი კალაძეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებსა და საკრებულოს კომისიის ხელმძღვანელებს, ოფიციალური წესით მიაწოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება. ორგანიზაციის აზრით, არსებობს მოლოდინი, თბილისის მუნიციპალიტეტის ახალმა საკრებულომ ფორსირებულად დაამტკიცოს წარმოდგენილი დოკუმენტი, რაც არ უნდა მოხდეს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა არსებული დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა ან ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით, საჯარო და გამჭვირვალე კონკურსის პირობებში, დოკუმენტის ახალ რედაქციაზე მუშაობის დაწყება. იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის მგგ-ის საპროექტო წინადადების არსებულ პროექტს თბილისის მომავალი საკრებულო დაამტკიცებას, ორგანიზაცია საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს საჯარო განმარტებებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოითხოვს პასუხი გაეცეს შექმნილ მდგომარეობას, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადებათა დოკუმენტის საფუძველზე, თუ რა დადგენილების პროექტი მოამზადა თბილისის მუციპალიტეტის საკრებულომ და რა სამართლებრივი დასკვნები გასცა თბილისის მერიამ საკრებულოს მიმართ შექმნილი პროექტის მომზადებისთვის.
ორგანიზაცია გაეცნო საჯარო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მომზადებულია თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ამავე სახელწოდებით 2016 წლის 24 მაისს მიღებული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება. მთავარი კითხვა, რომელიც წარმოდგენილი აქტის ამჟამინდელ პროექტთან დაკავშირებით დაისმის, ეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების საკითხებს, ვინაიდან თბილისის მერიიდან თბილისის საკრებულოში, დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, წარდგენილია და წარმოჩენილია, როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც არსებითად სხვა მოცემულობა და სხვა სახელწოდების დოკუმენტია.
ორგანიზაციის შეფასებით, დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ვერავითარ შემთხვევაში, ვერ იქნება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ვინაიდან სამართლებრივ კონფლიქტში მოდის იმ კონკურსის პირობებთან, მოთხოვნებთან და შედეგებთან, რომელიც თბილისის მერიამ სწორედაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის მიმართულებით გამოაცხადა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებაც 2 800 000 ლარის მომსახურებაზე. ამასთან, 2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #1742 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურსა და უცხოურ საწარმო - „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ (PricewaterhouseCoopers) შორის გაფორმდა #42030651A001/015 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია, საკონკურსო კომისიას, საკონკურსო განაცხადებზე მუშაობის პროცესში, უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 400 000 ამერიკული დოლარი. შესაბამისად, ლეგიტიმურად დაისმის საკითხი, თუ რატომ არ იქნა თბილისის მუნციპალიტეტის სკარებულოში დასამტკიცებლად წარდგენილი იმ შინაარსის დოკუმენტი, რომლიც გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ მხრიდან უნდა წარდგენილიყო და მომზადდა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც აუქმებს ამავე სახელწოდებით მიღებულ მოქმედ დოკუმენტს, მცირედი დაზუსტებებით, გააჩნია იდენტური შინაარსობრივი მხარე. შესაბამისად, განმარტებებს მოითხოვს ახალი დოკუმენტის მიღებისთვის აღნიშნული საკითხიც.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისის მგგ-ის განახლებული დოკუმენტის შეფასებაზე ყურადღებას იმსახურებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნით აზიის განვითარების ბანკის მიმართ მიმართვა, რომელმაც თავის მხრივ დაიქირავა ფრანგული კომპანია IAU, რომლის ექსპერტმაც, ერიკ ჰიუბრეხტიმ 2017 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა უაღრესად კრიტიკული შეფასებები მომზადებულ ქართულ დოკუმენტზე.
ცნობისთვის: ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციათა პაკეტიც, რომელითაც მოთხოვნილი იქნა, რომ მგგ-ის ახალი დოკუმენტი მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულმა ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობამ უნდა მიიღოს.