„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახალხო დამცველის აპარატთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას გააგრძელებს

1 დეკემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩეულ ნინო ლომჯარიას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მნიშვნელოვანია სწორი და ადეკვატური პასუხი, რასაც კონსტიტუციური ორგანო - საქართველოს სახალხო დამცველი უნდა უზრუნველყოფდეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი დისკუსია მომავალი ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით, რაც სრულიად დემოკრატიული პროცესია. ამასთან, ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში არ მოახდენს რომელიმე პრიორიტეტული სფეროს მხარდაჭერას და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ყველა პრობლემური საკითხის მიმართ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი იქნება ღია და კომუნიკაბელური. სახალხო დამცველის აპარატისთვის, როგორც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი ზედამხედველი ორგანოსთვის, აუცილებელია საზოგადოებრივი ნდობის განვითარება და უზრუნველყოფა, რაც ასევე სწორი საკადრო პოლიტიკის შედეგად შეიძლება მიიღწეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის აქტიური თანამშრომლობა ეროვნული დონის სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, გააჩნიათ კონკრეტული გამოცდილება, განხორციელებული აქვთ შესაბამისი კვლევითი საქმიანობა, აფასებს მართლმსაჯულების ხარვეზებსა და  მონაწილეობს კანონშემოქმედებით პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მკაფიო პოზიცია სისტემური დანაშაულებისა და სამართლიანობის აღდგენის კუთხით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია, ამ თვალსაზრისით, აქტიურად მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის მოქმედ ადმინისტრაციასთან. ორგანიზაციის არაერთი გახმაურებული საქმის მიმართ სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან განხორციელებულა და მიმდინარეობს მონიტორინგი. შესაბამისად, ორგანიზაცია ყურადღებით დააკვირდება ტენდენციებსა და მიდგომებს, რომელსაც სამოქალაქო სექტორს საქართველოს ახალი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წარმოუდგენს.

 



კომენტარები