ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მომავალი სტრუტურული რგოლის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელად დასახელდა. როგორც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოალიციური გუნდის წარდგენის საჯარო პრეზენტაციაზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა განაცხადა, არჩილ კაიკაციშვილის გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის სამოქალაქო სექტორთან დიალოგის პროცესში და კომიტეტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მომავალ საქმიანობაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარდგენას საპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მომავალ მმართველობით და თვითმმართველობით გუნდს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა, განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანოს ადვოკატის პროფესია და ადვოკატის ინსტიტუტის მიმართ გაზარდოს საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ასოციაციის საქმიანობა გამჭვირვალე და ხელმისწავდომი იქნება საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის. კომიტეტს ექნება აქტიური და საქმიანი კონტაქტები ყველა სამოქალაქო ორგანიზაციასთან, მათ შორის პრიორიტეტული იქნება რეგიონულ პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და განხორციელდება საერთო ინიციატივებზე დაფუძნებული, სხვადასხვა აქტიურობები.
ამასთან, დავით ასათიანმა ადვოკატთა კორპუსს ასოციაციის ეთიკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარუდგინა „ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს წევრი, მარიკა არევაძე, რომელსაც გააჩნია საადვოკატო საქმიანობის 5-წლიანი გამოცდილება, არის საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრი, დღემდე ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და ლექტორი, არაერთი საჯარო ინტერესის მქონე საქმის ავტორი.
ცნობისთვის: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევნები 2017 წლის 9 დეკემბერს გაიმართება. ორგანიზაციამ თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით ასათიანი „საადვოკატო ბიუროთა გაერთიანებასა“ და „ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირებთან ერთად“, 2017 წლის 24 სექტემბერს დაასახელა. დავით ასათიანის მხარდაჭერა განაპირობა მისმა რეპუტაციამ, პროფესიონალიზმა და გამოცდილებამ. რაც შეეხება არჩილს კაიკაციშვილის, მას სამოქალაქო სექტორში საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება გააჩნია. 2010 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით, არის არაერთი ცნობილი და პრეცდენტული სასამართლო დავის წარმომადგენელი, წარმოადგენს სხვადასხვა თემატური კოალიციის, არასამთავრობოთა ალიანისისა და სამართლის საკითხებზე შექმნილი კომისიების წევრს. არის სხვადასხვა პროექტის სამართლის ექსპერტი და კონსულტანტი.