ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას ლისის ტბის დათმობის საქმეზე სწრაფი და ეფექტირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს და 2017 წლის 13 თებერვლის განცხადებით მოთხოვნილი საქმესთან შემხებლობაში მყოფი მაღალჩინოსნების მოწმის სახით დაკითხვას გადაუდებლად მოითხოვს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, უნდა დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირთა სამართლოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოახდინეს რამაზ ახვლედიანის იძულება ქონების დათმობის მიზნით. იქედან გამომდინარე, რომ მხარის მაღალი იურიდიული ინტერესია, საქმეზე ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და გამოძიებისთვის საქმეზე ყოველმხრივი მტკიცების მიწოდება, მოცემულ ეტაპზე, საჭიროდ მიგვაჩნია, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხოს იმ პირთა წერე, რომლებსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდათ რამაზ ახვლედიანთან და ლისის ტბის უძრავი ქონების დათმობის პროცესთან.
- გ. ხ, რომელიც საქმიანობდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს II განყოფილების მაშინდელი უფროსის პოზიციაზე. სწორედ აღნიშნული პიროვნების მხრიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ, სისტემატურად ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები და ისმოდა მოთხოვნა უძრავი ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებით. სწორედ გ. ხ.-ს ასეთი მორიგი ზარის საფუძველზე, რამაზ ახვლედიანი დაბარებულ იქნა მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში, სადაც მას იძულებით დააწერინეს განცხადება ქ. თბილსიის მერიისა და საქართველოს მთავრობის მიმართ ლისის ტბის უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებით.
- მ. გ, რომელიც საქმიანობდა ფინანსური პოლიციის უფროსის მაშინდელი მოადგილის თანამდებობაზე. სწორედ აღნიშნული პიროვნება დახვდა რამაზ ახვლედიანს ფინანსურ პოლიციაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიაყენა კედელთან, დაემუქრა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ნათესავების დაპატიმრებით და იქვე აღნიშნავდა, რომ ასრულებდა დავით კეზერაშვილის დავალებას, რომ იმავე დღეს - 2006 წლის 4 ნოემბრის, ღამის 23:00 საათამდე, თუკი რამაზ ახვლედიანი არ დაწერდა ქონების დათმობის შესახებ განცხადებას, დაიჭერდნენ არამხოლოდ მას, არამედ მ. გ-საც, რადგანაც მისივე განმარტებით, ქონების დათმობის მოთხოვნა მომდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტისგან. ამასთან, მ. გ.-მ რამაზ ახვლედიანს ადგილზე უჩვენა ქალაქის ყოფილი არქიტექტორი და შენობაში იმყოფებოდა ნოტარიუსი, რომელსაც წარსულში რამაზ ახველდიანის მიმართ დამოწმებული ჰქონდა კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და მ. გ. აცხადებდა, რომ თუკი რამაზ ახვლედიანი ხელს არ მოაწერდა ქონების დათმობის განცხადებას, დაიჭერდნენ ქალაქის არქიტექტორს და ნოტარიუსაც. ასევე, თაღლითობის ბრალდებით სხვა იმ პირებსაც, რომელიც უწყებაში დაბარებულ ან დასაბარებელთა სიაში ჰყავდათ.
- მ.ჩ, რომელიც საქმიანობდა ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლის პოზიციაზე. სწორედ ამ პიროვნების სამუშაო კაბინეტში შეიყვანეს რამაზ ახვლედიანი, სადაც ხდებოდა ზეწოლა და ზემოქმედება ქონების დათმობის განცხადების დაწერაზე. რამაზ ახველდიანმა სწორედ გამომძიებლის კარნახით შეადგინა ის განცხადების ტექსტი, რომელიც საქმეში წარმოდგენილია 2006 წლის 4 ნოემბრის თარიღით. გამომძიებელი ამბობდა, რომ თუკი განცხადება არ მომზადდებოდა, ყველა იმ ადამიანს დაიჭერდნენ, რომლებიც უძრავი ნივთის შეძენის პროცესში, რაიმე ფორმით მონაწილეობდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.
როგორც პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაკითხოს ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია.