ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის 9 დეკემბრის არჩევნებზე შეფასებას და სარეკომენდაციო წინადადებებს აქვეყნებს, არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად მიიჩნევს და ასოციაციის თავმჯდომარის გამოსავლენად დანიშნული მეორე ტურის ჩატარებას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაწილეობით, გამართლებულად თვლის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის არჩევნებმა გამოკვეთა ცალკეული პროცედურული დარღვევები, პროცესის არაორგანიზებულობა, სამწუხარო ინციდენტები, არაკოლეგიალური ურთიერთობების მაგალითები, კანონიდან გამომდინარე სხვადასხვა სამართლებრივი დასკვნები, თუმცა არჩევნების შედეგები სრულად გამოხატავს საერთო კრებაზე რეგისტრირებული დელეგატების თავისუფალ ნებას, საარჩევნო კომისიის მიერ ხმების დათვლის პროცესი წარიმართა გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გარემო პირობებში და არჩევნების დე-ლეგიტიმაციის მიმართ არ არსებობს არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დაკვირვებით, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე სულ რეგისტრაცია გაიარა 2324-მა ადვოკატმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2054 დელეგატმა. რეგლამენტის თანახმად, საერთო კრებაზე ადვოკატების რეგისტრაცია მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე, 10:00-15:00 საათის შუალედში მიმდინარეობდა. რეგლამენტის დაცვით მოხდა ხმის დამცველი კომისიის წევრების შერჩევა, ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების საპროგრამო გამოსვლების მოსმენა (თუმცა გამომსვლელებს არ ჰქონადთ ლიმიტიტებული დრო) და კენჭისყრის დაწყება. კენჭისყრის პროცესში, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს, გააჩნდათ მოვლენების შეფასებისა და ინფორმაციის მიღების თავისუფალი შესაძლებლობა. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დელეგატების სიმრავლის გამო, თვალშისაცემი გახდა ხმის მიცემის დროს ნაკადის გადატვირთულობა. არსებული საარჩევნო კაბინა საკმარისი არ აღმოჩნდა დელეგატების სრულფასოვანი მიღებისთვის. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. დაფიქსირდა არა ერთი შემთხვევები, როდესაც ბიულეტინების შემოხაზვა ხდებოდა საარჩევნო კაბინის გარეთ, თუმცა ორგანიზაციას არ დაუფიქსირებინა ასეთ ვითარებაშიც თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების ფაქტი. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო კაბინებში არსებობდა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების საარჩევნო ცნობარი. ორგანიზაციამ სხვა სადამკვირვებლო ჯგუფებთან ერთად, ასეთი ყველა საარჩევნო კაბინიდან საარჩევნო აგიტაციის მასალების ამოღება და კენჭისყრის ადგილიდან გატანა უზრუნველყო. კენჭისყრის დარბაზში ამომრჩეველთა ნაკადი 19:30 საათისთვის შემცირდა. ამ დროისთვის, საერთო კრების თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ კანდიდატების თხოვნით, კენჭისყრის პროცესი გაგრძელდებოდა 20:00 საათამდე, შემდეგ კი შენობის და დარბაზის კარები ჩაიკეტებოდა და ხმის მიცემა დასრულდებოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დაკვირვებით, კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე, რომელიც ძირითადად სამუშაო და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, კენჭისყრის ადგილას იმყოფებოდნენ ასოციაციის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - დავით ლანჩავა და ირმა ჭკადუა. ყველა სხვა კანდიდატი იმყოფებოდა დარბაზში, თავიანთი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მესერის მიღმა. ორგანიზაციის თვალწინ, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, დიანა მარტიაშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრის დღის მანძილზე, რამდენჯერმე ეცადა ხმის მიცემას და ვინაიდან სრულდებოდა კენჭისყრის პროცესი, გაემართა საარჩევნო კაბინისკენ. ამ მოქმედების პარალელურად, დაახლოებით 19:57 წუთზე, დავით ლანჩავამ გააკეთა ხმამაღალი განცხადება, რომ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დარბაზში უკვე ელექტროენერგია ჩამქრალი გახლდათ, სპორტის სასახლეში უკვე ამოქმედებულიყო დენის ალტერნატიული წყარო და გააკეთა მოწოდება, რომ სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო საარჩევნო ყუთების დაცვა გაყალბების მოსალოდნელი მცდელობების პრევენციისთვის. დავით ლანჩავას განცხადებამ საარჩევნო პროცესის ადგილზე გამოიწვია გაურკვევლობა, შექმნა ქაოსური მდგომარეობა და დაძაბულობა. ორგანიზაციამ შენიშნა, რომ კიდევ ერთი კანდიდატის, ლევან ჯანაშიას გუნდის წარმომადგენლები, ამ ვითარებაში, უკვე იმყოფებოდნენ დიანა მარტიაშვილთან, რომელსაც ბრალს სდებდნენ არჩევნების გაყალბების მცდელობაში, ვინაიდან დაფიქსირებული გააჩნდათ ერთი და იგივე ფერის რამდენიმე ბიულეტინი. დიანა მარტიაშვილი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა მიზანიმართულ ქცევას არჩევნების გამჭვირვალობის საწინააღმდეგოდ. ინციდენტის ადგილზე აღმოჩნდა კრების თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელმაც დიანა მარტიაშვილს ხელიდან გამოსტაცა სადავო ბიულეტინები. ამ შემდეგ, კიდევ ერთი ინციდენტი დაფიქსირდა კომისიის წევრ მზია თომაშვილთან მიმართებით. გავრცელებული ვიდე-მასალის მიხედვით, ლევან ჯანაშიას წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ აღნიშნულ პირს ჩანთაში გააჩნდა წითელი ფერის ბიულეტინები, რომლის გამოსავლენადაც, მათ მოიხმეს ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირმა ჭკადუა, რომელიც იმჟამად იმყოფებოდა კენჭისყრის დარბაზში. უწყვეტი კადრით ჩანს, რომ სადავოა ირმა ჭკადუას მიერ ხელჩანთიდან ბიულეტინების ამოღების ფაქტი, რაც ცალკე შესწავლას და დადგენას მოითხოვს. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ ფაქტს, რომ ინციდენტების მიმდინარეობის პროცესში, სპორტის სასახლის ადმინისტრაციის სპეციალურმა დაცვამ სრულად შეძლო საარჩევნო ყუთების დაცულობის უზრუნველყოფა, საარჩევნო კომისიამ კი - მათი დროული დალუქვა. არც ერთი ბიულეტინი, ამ პროცესში, არ აღმოჩენილა საარჩევნო ყუთში. მეტიც, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის დარბაზში ელექტროენერგია არ გამორთულა და პროცესის ხილვადობა არც-ერთ ეტაპზე არ შეფერხებულა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დაკვირვებით, საარჩევნო კომისიის მუშაობა დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს, ხოლო ცალსახად უნდა აღინიშნოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის, კონსესუსის გზით მიღებული 2017 წლის 9 დეკემბრის საერთო კრების რეგლამენტის სამართლებრივი ხარვეზიანობა. რეგლამენტით მოწესრიგებული არ აღმოჩნდა, თუ რა წესის დაცვით და პროცედურული თანმიმდევრობით უნდა დაწყებულიყო ხმის დათვლის პროცესი. რეგლამენტით არ იყო გათვალისწინებული სხდომის მდივნის არჩევის საკითხი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა პასუხისმგებელი საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებაზე. რეგლამენტი აღმოჩნდა პრინციპების დონეზე მომზადებული,რამაც გამოიწვია ხმის დათვლის პროცედურული მხარის გაჭიანურება, რასაც საფუძვლად უძღვოდა თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლების მხრიდან ისეთი წინადადებების კენჭისყრაზე დაყენება, რომელიც არ გამომდინარეობდა რეგლამენტის მოთხოვნებიდან. ამასთან, რეგლამენტით მკაფიოდ არ იქნა განსაზღვრული საარჩევნო კომისიის ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის წარმართვის საკითხები, როდესაც საარჩევნო კომისიის 15 წევრიდან 6 წევრმა უნდობლობის ნიშნად დატოვა კომისიის შემადგენლობა და საარჩევნო კომისია უფლებამოსილების გაგრძელების წინაშე აღმოჩნდა. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ვინაიდან კომისიის 6 წევრმა დატოვა შემადგენლობა, ხოლო ამ გადაწყვეტილებამდე, კიდევ 3 წევრს არ დაუტოვებია, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია კომისიის მუშაობაში, კომისიას რეგლამენტმა მისცა სამართლებრივი შესაძლებლობა, მიეღო მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება. კერძოდ, რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „ხმის დამთვლელი კომისია უფლებამოისლია დათვალოს ხმები, თუ ხმის დათვლაში მონაწილეობს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა“. მოცემულ შემთხვევაში, კომისიის სიითი შემადგენლობა შეადგენდა 15 წევრს, ხოლო ვინაიდან 6 წევრმა დატოვა შემადგენლობა, ხოლო 3 წევრს არ მიუღია მონაწილეობა კომისიის მუშაობა და კვლავინდებურად ირიცხებოდა სიით შემადგენლობაში, რეგლამენტის ჩანაწერიდან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ კომისია მუშაობას აგრძელებდა 9 წევრის შემადგენლობით, რომლის სახეზე არსებული უმრავლესობა - 6 წევრი, უფლებამოსილი იყო გაეგრძელებინა ხმის დათვლის პროცესი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ასეთ დაშვებას რეგლამენტი ითვალისწინებდა. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიაში სულ რეგისტრირდა სამი განცხადება/საჩივარი, რომელიც ეხებოდა არჩევნების შედეგების უნდობლობას, კომისიის შემადგენლობის დატოვებას, ხმის დათვლის შედეგების სავარაუდო გაყალბების გამო სადამკვირვებლო უფლებამოსილებაზე უარის თქმას, თავმჯდომარის ბიულეტინების დათვლამდე, გაცემული მანდატების რაოდენობისა და გაცემული ბიულეტინების რაოდენობის ხელახალი გადათვლის გამო, სამანდატო კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევაზე მითითებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 10 დეკემბრის 05:00 საათამდე, სწორედ რეგლამენტიდან გამომდინარე, მხარეთა შორის პროცედურული საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, საშუალება არ მისცემია ხმის დათვლის პროცესი გაეგრძელებინა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მუშაობის გაგრძელების შემდგომი ეტაპი, არსებული შემადგენლობის მონაწილეობით, წარიმართა მშვიდ და საქმიან ვითარებაში. ხმის დათვლის მთელი პროცესის მანძილზე, უზრუნველყოფილი იქნა საარჩევნო ყუთების სპეციალურ საცავში მოთავსება და დალუქვა. როგორც ხმის დათვლის პროცესი, ასევე საარჩევნო მასალის გადაადგილება უზრუნველყოფილი იქნა უწყვეტი ვიდეო-გადაღებით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დაკვირვებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები არ გამოირჩეოდა პროფესიული კოლეგიალობის მაღალი სტანდარტით და ადგილი ჰქონდა ადვოკატისთვის შეუფერებელ ქცევებს, ერთმანეთის დაუმსახურებელ შეურაცხყოფას, უხამსს გამონათქვამებს და პერსონიფიცირებულ თავდასხმებს თავმჯდომარეობის კანდიდატებსა და არჩევით ორგანოებში წარდგენილ პირებს შორის, რაც არ ემსახურება ადვოკატის ეთიკური ქცევის მოთხოვნებსა და დადგენილ წესებს. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კოლეგიალური ურთიერთობები არ შეიმჩნეოდა, როგორც კომისიის წევრებს შორის, რომლებიც სხვადასხვა კანდიდატების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა, ასევე კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დამკვირვებლების ურთიერთობებში. საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესი დაეფუძნა პერსონიფიცირებული მხილების ინსტრუმენტებს, რამაც ძირითადად მოიცვა სოციალური მედია და მასობრივი-საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თავმჯდომარეობის კანდიდატები აქცენტს უფრო აკეთებდნენ არა საპროგრამო საკითხებზე, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ადმინისტრაციის მიუღებლობაზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესში არსებობდა საარჩევნო პროგრამების და ამომრჩევლებთან შეხვედრის თანაბარი შესაძლებლობა, თუმცა ამ მიმართულებით, სტრუქტურირებული პროგრამა და გუნდი, ასოციაციის თავმჯდომარეობის მხოლოდ სამ კანდიდატს - დავით ასათიანს, დავით ლანჩავასა და ლევან ჯანაშიას გააჩნდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს:
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მომდევნო და ყველა არჩევნების ჩატარება განახორციელოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, აღნიშნულის შესახებ შეიქმენს საჭირო სამართლებრივი საფუძვლები, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო კომისიის საქმიანობის მიმართ მაღალ ნდობას და გამორიცხავს პროფესიულ არჩევნებში მიკერძოების დაშვებას;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ჩატარების რეგლამენტი უნდა გახდეს სტრუქტურირებადი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მონაწილე პირების ზუსტ უფლებამოსილებას და კენჭისყრის დღის წესრიგს;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის 9 დეკემბრის საერთო კრებაზე კომისიის წევრების - დიანა მარტიაშვილისა და მზია თომაშვილის მიმართ არსებული პრეტენზიები განიხილოს ახლადარჩეულმა ეთიკის კომისიამ, მხარეებს მიეცეთ თანაბარი მტკიცების შესაძლებლობა და მიღებულ იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილება;
- დაზუსტდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-12 მუხლის რეგულაცია, რომელიც დაადგენს, რომ საერთო კრება ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს, ნაცვლად მოქმედი წესისა, როდესაც „საერთო კრება ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს“, რაც მნიშვნელოვნად სტაბილურს გახდის პროფესიული არჩევნების ხასიათს;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებისთვის, შემუშავდეს ახალი რეგულაციები, რომელიც განსაზღრავს, თუ რა შემთხვევებში უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მიერ პროფესიისა და ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაცია და საზოგადოებრივი რეპუტაციის შელახვა მიზანიმართულ ქმედებად და რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დამრღვევი პირის მიმართ.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ დამკვირებელ ორგანიზაციად 2017 წლის 4 დეკემბერს დარეგისტრირდა და საარჩევნო პროცესის მონიტორინგი, ყველა ეტაპზე, განახორციელა.