საქართველოს უზენაესი სასამართლომ სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, საქმის არსებითი განხილვა 2018 წლის 24 იანვარს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ განცხადება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა გააკეთა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაც ხაზს უსმევს პალატის მიერ საქმისადმი მაღალ დამოკიდებულებას. მისივე განცხადებით, სასამართლოს საქმის ზეპირ სხდომაზე განხილვის მოტივაცია მხარეთა შორის მორიგების წინადადების განხილვის საკითხიდან გამომდინარეობს. როგორც ცნობილია, საქმეში არსებობს საქართველოს მთავრობის კანკარგულების პროექტი, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უნდა მოეწერა. აღნიშნული დოკუმენტით, როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად უნდა დაბრუნებოდა, გიორგი პაპუაშვილისთვის კი - ალტერნატიული ფართი გადაეცათ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მორიგების წინადადების აღსრულებაზე, პროცესის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, უარი განაცხადა, თუმცა საქმეში არსებობს მინისტრ გიორგი გახარიას და მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ოფიციალური წერილები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ დავა პროცესის მონაწილე ყველა მხარის ინტერესების დაცვით უნდა დასრულებულიყო. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მხარე დაელოდება სამართალწარმოების პროცესს და იმოქმედებს მხარის საუკეთესო ინტერესებიდან. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა მიღებული გადაწყვეტილების გამო, მადლობა გადაუხადა მოსამართლეებს და აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომა იქნება ღია და საჯარო, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება დასწრების შესაძლებლობა.
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.
ცნობისთვის: 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით - არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განხმილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა - ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე. 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ, აგრეთვე მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა, ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით.
როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.