„ახალგაზრდა ადვოკატები“ - პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის ვადები იწურება

20 დეკემბერი, 2017

2018 წლის 01 იანვარს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრესათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის ვადები იწურება. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ფულადი კომპენსაციის მისაღებად საჭირო იურიდიული მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით  2017 წლის 20 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე აცხადებს უფასო იურიდიული კონსულტაციის კვირეულს.

დაინტერესულ პირთათვის ორგანიზაცია განმარტავს, რომ ფულადი კომპენსაციის მისაღებად, უშუალოდ რეპრესირებულმა პირმა, მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ ან მათმა წარმომადგენელმა, სარჩელით უნდა მიმართოს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არაუგვიანეს 2018 წლის 01 იანვრისა.

მოქალაქეებმა კონსულტაციის ფარგლებში, უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუკი სარჩელის აღძვრას პირველი რიგის მემკვიდრე აპირებს);

ასევე, მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ რეპრესირებულ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი. მათ შორის, დაბადების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა და შინაგან საქმეთა ან ყოფილ უშიშროების სამინისტროს არქივიდან ცნობა განხორცილებეული რეპრესიის სიმძიმისა და რეაბილიტაციის შესახებ ასეთის არესებობის შემთხვევაში.

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს მითითებული პერიოდის სამუშაო დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე. კონსულტაციის ჩანიშვნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 29 12 02. 



კომენტარები