პროკურატურას ლისის ტბის წართმევის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარედგინა

25 დეკემბერი, 2017

ლისის ტბის დათმობის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები წარედგინა, რომელიც მიუთითებს, რომ 2006 წელს, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ბიზნეს პარტნიორ მამუკა ხაზარაძესთან ერთად, გააჩნდა ყველა წინაპირობა, მათ შორის სააჭირო ფინანსები, ერთობლივად განეხორციელებინათ ლისის ტბის კომპლექსური განვითარება. აღნიშნულის თაობაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დოკუმენტების წარდგენისას განაცხადა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში, მოქალაქე რამაზ ახვლედიანის განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის #074151015801 საქმეზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპზე დაზარალებულად ან/და ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის, რასაც მხარე არაერთი საჯარო და წერილობითი განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურიდან უძრავად მოითხოვს და საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

2017 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ წარმოდგენილი იქნება წერილობითი მომართვა მოქალაქე რამაზ ახვლედიანის საქმეზე დამატებითი მოწმეების დაკითხვისა და საქმეზე სრულფასოვანი საგამოძიებო  მოქმედებების განხორციელების შესახებ. 2017 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, განმცხადებლისთვის ცნობილია მხოლოდ ერთადერთი გარემოების თაობაზე - მოთხოვნით დასახელებული პირებიდან მოწმის სახით გამოიკითხა მხოლოდ ნოტარიუსი. სხვა პირთა მიმართ, საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან/და ასეთი ინტერესის თაობაზე, უცნობია.

მხარე მოითხოვს, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის საკითხი, რომ რამაზ ახვლედიანს, 2006 წლის 04 ნოემბრის მდგომარეობით, არ გააჩნდა არავითარი დარღვევა და ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ვალდებულებების შეუსრულებლობას არაჯეროვნებისა და არაკეთილსინდისიერების საფუძველზე, არ არსებობს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ რაიმე სახის დოკუმენტური მასალა. არსებობს მხოლოდ 2006 წლის 04 ნოემბრის პირადი განცხადება, სადაც ვალდებულების შეუსრულებლობაზე, მიზეზების გარეშეა საუბარი. პრეზიდენტის განკარგულებით დასახული ძირითადი ვალდებულებების შესრულებამდე, რამაზ ახვლედიანს გააჩნდა გონივრული ვადა - 2006 წლიდან მომდევნო 8 წელიწადი, ხოლო 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რამაზ ახვლედიანს უნდა შეესრულებინა მხოლოდ მიწის დასუფთავება. 2006 წლის 04 ნოემბრის მდგომარეობით, აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, რამაზ ახვლედიანს დარჩენილი ჰქონდა თითქმის 2 თვე. ამასთან, რამაზ ახვლედიანს და საქმეში მის ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს, ერთობლივი საქმიანობისთვის გააჩნდათ შესაბამისი (სათანადო) ფინანსური რესურსიც და საპროექტო გეგმა, რომლის პარტნიორებიც გახლდათ ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტებიც.

საქმეში გამოკვეთილია შემდეგი ახალი დოკუმენტები. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 2006 წლის 21 სექტემბრის წერილი, რომლითაც რამაზ ახვლედიანს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული მისამართზე ქ. თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენდა 12 ლარს. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, რამაზ ახვლედიანმა, 2006 წლის 25 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს და მოითხოვა ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კონპლექსის 63,5 ჰა შესყიდვა, ხოლო მეორე დოკუმენტი ეხება ფაქტს, როდესაც 2005 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ს.ს. „ლისის ტბას“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად, ანგარიშზე ერიცხებოდა 2,715.000.00 მლნ ლარი. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანსა და მის ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს, ს.ს. „ლისის ტბის“ მეშვეობით, სრული მზაობა გააჩნდათ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისთვის, თავის მხრივ, რამაზ ახვლედიანი მზადყოფნას გამოთქვამდა ლისის ტბის კომპლექსის 63,5 ჰა შესყიდვაზე და არ არსებობდა არც ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რამაზ ახვლედიანს, თავისუფალი ნების პირობებში, უარი ეთქვა მამუკა ხაზარაძესთან საერთო ბიზნესზე და პარტნიორობაზე.



კომენტარები