2017 წლის 28 დეკემბერს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტურ კორპუსს სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოვებს.
ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.
ორგანიზაცია გამართავს 2017 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაციას, საზოგადოებას წარუდგენს საქმიანობის შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლს, წარმოდგენილი იქნება ახალი ინიციატივები და წინადადებები, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2018 წლის საქმიანობას და პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
შეხვედრას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტური კორპუსი, ორგანიზაციის პარტნიორები და მეგობრები დაესწრებიან.