„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2017 წლის საქმიანობა შეაჯამეს და მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვეს

29 დეკემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს და წლის ბოლოს, „ნომინანტები და ნომინაციები 2017“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ნომინაციები გადაეცათ შემდეგ ინსტიტუციებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტურ კორპუსს:

  • „ღია სასამართლო ინსტანცია“ – მცხეთის რაიონული სასამართლო;
  • „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
  • „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
  • „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
  • „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“ – გამომცემლობა: „წიგნები ბათუმში“;
  • „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ – „CsoGeorgia.org “;
  • „საზოგადოების ხმა“ –  გადაცემა „რეაქცია“, გადაცემის წამყვანი და ავტორი, ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „პირველი“; 
  • „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი,
  • „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ – ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულების გამო, ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2017“ გადასცეს ტელეკომპანიებისა და ბეჭდვური მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:

  • ირაკლი ჩიხლაძე, გადაცემა „იმედის კვირა“, ტელეკომპანია „იმედი“;
  • გურამ როგავა, პროგრამა „მოამბე“, საზოგადოებრივი მაუწყებელი;
  • ბელა გელაშვილი, გადაცემა „ბიზნეს კოდი“, ტელეკომპანია “იბერია“;
  • ნინო მიქიაშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი;
  • მაია მიშელაძე, გაზეთი „ვერსია“;
  • სოფიო ნიაური , ტელე/რადიო „ობიექტივი“;
  • ალეკო ჩუბინიძე, სააგენტო „ნიუსპრესი“;
  • იზა შაქარაშვილი, ახალი ამბების სააგენტო „კვირა“;
  • ბაჩანა ჯინჭარაძე, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“;
  • ვიქტორია ქათამაძე, სააგენტო „პირWელი“;
  • რუსა ოქრუაშვილი, „გურიანიუსი“.

რაც შეეხება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ტრადიციულ ნომინაციას - „ორგანიზაციის მეგობარი“, 2017 წელს გადაეცა ცნობილ ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გია ტაბლიაშვილს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება საიუბილეო იყო. ორგანიზაციამ საზოგადოებას 5 წლის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. „ამ ხუთი წლის განმავლობაში, იყო ბევრი ახალი სიტყვა, ახალი იდეა, ახალი ინიციატივა, ახალი პროექტები. ორგანიზაციამ შეიძლება ითქვას, რომ მთელი მისი საქმიანობა მიუძღვნა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და ინსტიტუციური განვითარების საკითხებს. სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საკითხებს. ახალგაზრდა, ახალგაზრდული სახეებით დაკომპლექტებული, პროფესიული ორგანიზაციის ბიოგრაფია, იყო, არის და ძალიან მჯერა, რომ კვლავაც დაეფუძნება ჩვენი საქმიანობის სამ მთავარ ღირებულებას: ღირსებას, თავისუფლებას და თანასწორობას“ - აღნიშნა თავის მისალმებაში ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მესამე სექტორი სარგებლობდეს შესაბამისი ნდობით. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2018 წელს ორგანიზაცია აცხადებს კანონშემოქმედებით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის წლად. ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებები დაეფუძნება მონიტორინგების მომზადებას. მომხმარებელთა უფლებების დაცვა იქნება პრიორიტეტი. საჯარო დაწესებულებების საქმიანობების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, გაძლიერდება კვლევითი საქმიანობა, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად იხარჯება ბიუჯეტის ფული. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაცია შეისწავლის და გამოაქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას. პრიორიტეტული მიმართულება იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის შეფასება. ორგანიზაცია აქტიური იქნება სასამართლო რეფორმის შეფასების პროცესში. პრიორიტეტი იქნება ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულება. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული არსამთავრობოთა ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“, 2018 წლიდან ახალი წევრებით დაკომპლექტდება და მთავრობის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე მუშაობას გაგრძელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობა შეაფასა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრები ადვოკატთა კორპუსის ღირსეული ცვლაა. დავით ასათიანმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით სპეციალური სიგელი გადასცა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ადამიანის უფლებების დაცვისა და პროფესიული ერთგულებისთვის. ორგანიზაციის 5-წლიანი საქმიანობა შეაფასა ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, რომელსაც, თავის მხრივ, არჩილ კაიკაციშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის დაფუძნების პერიოდში გამოვლენილი მხარდაჭერისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მოქმედ გუნდს და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელი, ყველა იმ წევრის შრომის შედეგია, რომლებიც 2012 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდნენ. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია 2018 წელს განახლებული გუნდით გააგრძელებს საქმიანობას. ამასთან, ცნობილი გახდა ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს განახლების თაობაზე. ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს ახალი წევრი მარიამ ასანიშვილი გახდება. როგორც არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, მარიამ ასანიშვილი ორგანიზაციის დიდი შენაძენია - მან მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. მუშაობდა იურისტ-მკვლევარად მონტენეგროში. მონაწილეობდა მთელ რიგ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მსოფლიოს მასშტაბით: არის ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული მემორიალის ავტორი (ვაშინგტონი, აშშ), უილიამ ვისის სახელობის საერთაშორისო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი (ვენა, ავსტრია), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული. ამჟამად, მარიამი ემზადება, რომ გახდეს ირლანდიის ადვოკატთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი. ორგანიზაციის გუნდის საქმიანობაზე ისაუბრა „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელმა, მარიკა არევაძემ და აღნიშნა, რომ დღეს ორგანიზაცია განვითარების სულ სხვა ეტაპზე დგას. 

2017 წელი „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ შემოქმედებითად აქტიური და ნაყოფიერი აღმოჩნდა. აღნიშნულზე მეტყველებს წლის მანძილზე ჩატარებული ღონისძიებები, შეხვედრები, მომზადებული კვლევები, მონიტორინგები, სარეკომენდაციო წინადადებები, განხორციელებული პროექტები, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სამოქალაქო ჩართულობა, მოქალაქეთა იურიდიული დახმარება თუ სხვა. ორგანიზაციას გააჩნდა:

  • 33 პრესკონფერენცია პოლიტიკის, სამართლისა და საზოგადოებრივად აქტუალურ თემებზე;
  • 150-ზე მეტი საჯარო პოზიცია-განცხადება, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობის პროცესში;
  • 20-ზე მეტ სადისკუსიო შეხვედრაში მონაწილოეობა;
  • 5-ზე მეტი სარეკომენდაციო ხასიათის წინადადება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების კუთხით;
  • განხორციელებული პროექტი: სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციაზე;
  • კონფერენციები და მედია-ფორუმები სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე;
  • სისტემური დანაშაულების საქმეებზე მომზადებული 2 კვლევა და 1 სამოქალაქო კამპანია;

ამასთან, ორგანიზაციის 562 კორესპონდენციას 200-ზე მეტმა ადრესატმა უპასუხა. ურთიერთობები გარღმავდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი მოთხოვნის საფუძველზე, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მუდმივად ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. 2017 წელს მაღალი იყო ორგანიზაციის გაშუქება ეროვნულ დონეზე. ორგანიზაციის წარმომადგენლები, 144-ჯერ იქნენ წარმოდგენილნი სხვადასხვა არზხე მომზადებულ სიუჟეტებსა თუ ღია ეთერებში, 10-ჯერ რადიოს ღია ეთერში, პრესამ 38-ჯერ დაბეჭდა ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდთან ინტერვიუ და მოახდინა ორგანიზაციის საქმიანობის გაშუქება, რაც ეხება ელექრონულ მედიას, კერძოდ ახალი ამბების სააგენტოებს, ორგანიზაციის საქმიანობაზე განთავსდა 500-ზე მეტი ინფორმაცია, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია განვლილი წლების მიხედვით. რაც შეეხება ორგანიზაციის სამართალწარმოების პროცესს, საზოგადოებას ინფორმაცია ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა მიაწოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2017 წელს, ორგანიზაციამ 100-ზე მეტი მოქალაქის იურიდიული საჭიროებებით უზრუნველყოფა შეძლო. იყო სტრატეგიული სამართალწარმოება და მოგებული უმნიშვნელოვანესი დავები. ორგანიზაციამ განახორციელა 21 პრო-ბონო ანუ ანაზღაურების გარეშე საქმისწარმოება, ხოლო ორგანიზაციაში მორიგებით დასრულებული საქმეების პროცენტული ოდენობა 40%-ზე მეტს შეადგენს. წელი, იყო სამართლიანობის აღდგენისთვის თავდადებული ბრძოლისთვის.

წლის ღონისძიებაზე მოხდა საიუბილეო და წლის საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაცია. ამასთან, საზოგადოება გაეცნო ორგანიზაციის 2017 წლის საქმიანობის ვიდეო-რგოლს. შეხვედრას. ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტური კორპუსი, ორგანიზაციის პარტნიორები და მეგობრები დაესწრებიან. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა, რის გამოც, ორგანიზაცია პერსონალურ მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს და ადმინისტრაციას.



კომენტარები