„ახალგაზრდა ადვოკატების“ 2018 წელს განახლებული გუნდით გააგრძელებს საქმიანობას და ორგანიზაციის უმაღლესი მართველობითი ორგანო - სადამფუძნებლო საბჭო ახალი წევრებით შეივსება. ამის შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
არჩილ კაიკაციშვილმა საზოგადოებას ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს ახალ წევრად მარიამ ასანიშვილი წარუდგინა. როგორც არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, მარიამ ასანიშვილი ორგანიზაციის დიდი შენაძენია - მან მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. მუშაობდა იურისტ-მკვლევარად მონტენეგროში. მონაწილეობდა მთელ რიგ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მსოფლიოს მასშტაბით: არის ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული მემორიალის ავტორი (ვაშინგტონი, აშშ), უილიამ ვისის სახელობის საერთაშორისო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი (ვენა, ავსტრია), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული. ამჟამად, მარიამი ემზადება, რომ გახდეს ირლანდიის ადვოკატთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი.
ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს განახლება, სამართლებრივი თვალსაზრისით, 2018 წლის იანვარში მოხდება.