ძვირფასო მეგობრებო,
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 5 წელია საზოგადოებისთვის საქმიანობს. ჩვენი პროფესიის მთავარი ღირსება დამოუკიდებლობაა. მხოლოდ დამოუკიდებელ და თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია შექმნას განვითარებული ქვეყანა და მიაღწიოს ადამიანის უფლებების დაცვას. ორგანიზაციის მთავარი ღირებულებებიც სწორედ ღირსებას, თავისუფლებას და თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება. სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული პროცესის მთავარი საზომი, ყველა ამ ღირებულების მატარებელ ქვეყანაში, სამოქალაქო საზოგადოების მისწრაფებები და ხედვებია. საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ასეთი მისია არასამთავრობო სექტორმა ანუ როგორც მას ჩვენში ვუწოდებთ, მესამე სექტორმა იტვირთა. საზოგადოება ნაკლებად ენდობა მესამე სექტორს. ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები და არგუმენტები. საქართველოში დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი დეფიციტია. „ჩვენ“ ან ერთი ჯგუფის ინტერესებს გამოვხატავთ ან მეორე ჯგუფის მითითებებს „ვასრულებთ“. საზოგადოებრივი ინტერესების სახელით, სამართლიანობას, კანონის უზენაესობასა და ობიექტურობის საზომ კრიტერიუმებს, ხშირ შემთხვევაში განსაზღრავს არა ავტორიტეტები, არამედ ფული. ამიტომაც, სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია მესამე სექტორი აღმოჩნდეს საერთო საზოგადოებრივი ინტერესების დამცველი და გამომხატველი, არ მოხდეს სექტორის ხელოვნური სეგრეგაცია, მესამე სექტორი რეალურად გახდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესებსა და დემოკრატიული პროცესებზე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თავისი განვლილი საქმიანობით, საჯარო პოზიციით და პრიორიტეტებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. ჩვენ არ გამოვხატავთ არც ერთი დაინტერესებული ჯგუფის ინტერესებს, ვინაიდან ჩვენი მატერიალური და არამატერიალური დოვლათი იქმნება ჩვენი პროფესიიდან მიღებული სიკეთეებით. ჩვენ ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობას - პროფესიის წინაშე. დაფუძნების დღიდან ახლაც და მომავალშიც, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება - ადამიანი, მისი უფლება და ინტერესები. საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევს ყველა - სახელმწიფო, კერძო სექტორი, საფინანსო ინსტიტუტები, კეთილისმყოფელი ინვესტორები. დამოუკიდებლობისა და მეტი თავისუფლების პრობლემებია სასამართლო სისტემაში, რომელსაც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, აკისრია მთავარი მამოძრავებელი ფუნქცია - მიიღოს პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები და საზოგადოებაში შექმნას სამართლიანობისა და კანონის წინაშე ყველას თანაბრობის მოლოდინები. ჩვენ ამას ყველაზე მეტად ვგრძნობთ და ვაკვირდებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებას ნდობა მთავარი ინსტიტუციების მიმართ, თანდათან უქრება. ჩვენ ვხედავთ, რომ სამართლიანობის განცდის გარეშე, არც ქვეყანას, არც საზოგადოებას და არც ერთ დაჩაგრულ ინდივიდს, ღირსეული მომავალი არ გააჩნია.
სამართლიანობა მშვიდობის საფუძველია, საზოგადოების კეთილდღეობაც და განვითარებაც სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ორგანიზაცია თავისი საწესდებო მიზნებითა და ამოცანებით, მოქმედი და მომავალი გუნდის, ჩვენი თაობის საუკეთესო ახალგაზრდა ინტელექტუალებთან ერთად, ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების მიმართვას ისევ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების უკეთესი გარემოსთვის ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს მოტივაცია, საქართველო დამსახურებულად გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველო გაუფრთხილდეს თავის წარსულსა და მომავალს, ადამიანებს ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები, არც ერთი მოქალაქე თავს დაუცველად და სოციალური უთანასწორობის მსხვერპლად, სახელმწიფოს მხრიდან არ გრძნობდეს.
„No Justice, No Peace“ - ეს გენიალური შეძახილი დღეს თანამედროვე კაცობრიობის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საკითხია. სამართლიანობაა ის მაღალი ღირებულება, რომელსაც ვემსახურებოდით და მომავალშიც იქნება ჩვენი პროფესიისა და საქმიანობის აუცილებელი პირობა. მადლობა ჩვენი ორგანიზაციის ყველა თაობას, რომლებიც ამ შეხედულებებით, მრწამსით და შეგნებით საქმიანობდნენ და დღესაც აგრძელებენ ამ ღირებულებების განუხრელად დაცვას. სწორედ ასეთ თაობაზე დგას პროფესიის მომავალიც და ქვეყნის სწორი განვითარებაც. ამ თაობას სჭირდება შანსი იმისთვის, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში ან სამშობლოდან წასვლის სურვილის გარეშე, ემსახურონ საქართველოს. საქართველო იმსახურებს უკეთესს - 2018 წელს გილოცავთ, მეგობრებო!
არჩილ კაიკაციშვილი
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
28 დეკემბერი, 2017