საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით, სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმდინარე წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, სპეციალური ვადა განესაზღვრა, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრომ წერილობითი პასუხი უნდა გასცეს წარმოებული დავის ფარგლებში მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობას და ნებას. ამასთან, სასამართლოს განჩინებით, სამინისტრო ვალდებულია 23 თებერვლის წერილობითი ფორმით წარმოადგინოს პოზიცია მორიგების პირობების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმის თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლის, ნინო ბაქაქურის განმარტებით, 23 თებერვალი, სახელმწიფოსთვის გონივრული და უკიდურესი ვადაა, რათა ჩამოყალიბდეს პოზიციაზე. ამასთან, საქმის განმხილველმა პალატამ მოისმინა მორიგების შესაძლებლობაზე როლანდ ბლადაძის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის პოზიციაც, რომელმაც სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მორიგების წინადადების საერთო სასამართლოებში განხილვის ყველა ეტაპსა და საკითხზე სამინისტროსთან შეხვდრების პროცესზე და აღნიშნა, რომ მხარე დაელოდება სამინისტროსგან რაციონალურ წინადადებებს. როგორც საქმის განმხილველი მოსამართლეების მიერ იქნა აღნიშნული, როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი დეტალურად და არაერთგზისაა გაცნობილი და სასამართლომ ცალკე აღნიშნა დავის პრეცედენტული ხასიათის თაობაზე. პალატის განმარტებით, სახელმწიფომ უდანაშაულო ადამიანი უფლების აღდგენის გარეშე არ უნდა დატოვოს. შესაბამისად, სამინისტრომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია საკასაციო სასამართლო, საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით, არ დაეთანხმოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და მოქალაქის მიმართ სახელმწიფოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დასრულდება იმ შემთხვევაშიც, თუკი როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება. პალატის განმარტებით, სახელმწიფოს, შესაძლებელია, გაცილებით ძვირი დაუჯდეს როლანდ ბლადაძის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თუკი მხარეთა შორის დავა მორიგებით არ დასრულდა, სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს და თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პალატის მითითებით, მხარეთა შორის მორიგების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო სხდომის თარიღი, შესაძლებელია, თებერვალშივე გადაწყდეს.
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.
ცნობისთვის: 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით - არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განხმილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა - ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე. 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ, აგრეთვე მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა, ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით. სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში, საქმეზე ზეპირი მოსმენით სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.