„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლაზიკა კაპიტალის“ საქმის შესწავლაზე ნინო ლომჯარიას მიმართეს

26 იანვარი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას საქართველოს მთავარი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების სამსახურეობრივი უფლებამოსილების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების ფაქტებსა და სააქციო საზოგადოება „ლაზიკა კაპიტალის“ მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის საქმეზე საზედამხედველო უფლებამოსილების გაგრძელების მოთხოვნით მიმართა და ე.წ. „ყალბი სესხების“ საქმეზე ომბუდსმენის აპარატს დახმარება სთხოვა.

ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნავს, რომ მოცემულ დრომდე, არ არსებობს პასუხი, თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან შესაძლო დაკავშირებულ პირებს. მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც ტოვებს საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორცელების ვარაუდს და მიუთითებს ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე, ვინაიდან გამოიკვეთა, რომ არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკუტრატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების შესაძლებლობას.

„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე. ც.-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“ - ნათქვამია მიმართვაში.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ამ დრომდე არ ახდენს დანაშაულის მომზადებასა და ჩადენაში მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. 2006 წლის 13 ოქტომბრიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის - მესტიის რაიონული პროკურატურის ყოფილი პროკურორის, ფელიქს ჯალაღონიას მიმართ გაცემულ იქნა 4 სესხი. აღნიშნულის პარალელურად, 3 სესხი იქნა გაცემული ამავე პროკურორის მეუღლის მიმართ. სესხები გაიცემოდა სხვადასხვა სამოქალაქო პირებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ წრეს. კომპანიიდან სესხები გაიცემოდა იმ წესებისა და პროცედურების დაცვის გარეშე, რომელიც კომპანიაში აღიარებულ და სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენდა. სესხები გაიცემოდა საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების გარეშე ან კომიტეტის წევრების მანიპულირებით.

პროკურატურის ცნობით, „საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულია ათეულობით მოწმე და ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია. რაც ეხება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, აღნიშნულ საკითხს სწავლობს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია“.

ორგანიზაციის შეფასებით, 2015 წლის 30 იანვრიდან დრომდე, რაც საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, მხარისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქმეზე ან/და რატომ ვერ ხდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხი უკიდურესად შემაშფოთებელია და ხაზს უსმევს გამოძიების შესაძლო დაინტერესებას, რაც უპირველესს ყოვლისა, წარმოაჩენს ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების ნეგატიურ პრეცედენტს.

მეტიც, ორგანიზაციის მხრიდან კვლევის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო პრეზენტაციის შემდეგ, მხარისთვის ცნობილი ხდება, რომ საქმე კვლავ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამმართველოში დამისამართდა. საქმეს კვლავ იძიებს ლაშა ყოლბაია, ხოლო ზედამხედველი პროკურორი კვლავ მირანდა წერეთელია. იქედან გამომდინარე, რომ ბატონი ლაშა ყოლბაია და ქალბატონი მირანდა წერეთელი, ერთხელ უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში, მხარეს გააჩნდა მათ მიმართ დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზიები საქმის მიკერძოებით წარმართვასთან დაკავშირებით, ამ დასაბუთებების საფუძველზე, საქმე აცილებულ იქნა და გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დღეს საქმის ხელმეორედ დაბრუნება ტერიტორიულ ორგანოში და მასზე კვლავ ზ/აღნიშნული გამომძიებლისა და ზემდგომი პროკურორის დანიშნვა, მნიშვნელოვნად არღვევს საქმეზე სანდო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისა და მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს.

ორგანიზაციის შუალედური ანგარიში და გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, უკვე მიეწოდათ საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს, ეროვნულ დონეზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა The National Democratic Institute, International Republican Institute, humanrightshouse, FIDH, NHC, HRHF, OMCT და Amnesty International. საქმეზე ინსტიტუციური დახმარების მიზნით, ორგანიზაცია და კომპანიის ხელმძღვანელები შეხვდნენ თქვენს წინამორბედს, ბატონ უჩა ნანუაშვილს, რომელმაც დაადასტურა დახმარებისა და სახალხო დამცველის აპარატის ინტერესი, თუმცა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, თანამშრომლობას განვითარება ვერ მიეცა.

„მოგმართავთ, საქართველოს დამცველის აპარატმა გააგრძელოს საქმეზე მონიტორინგი, უზრუნველყოს საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შეფასება და მონიტორინგი, დაეხმაროს მხარეს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესზე სწორი ინფორმაციის მოპოვებაში“ - ნათქვამია წერილში, რომელიც სახალხო დამცველმა მიიღო. 



კომენტარები