სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე აშშ საელჩოს წერილი საქმის მასალებს დაურთო

30 იანვარი, 2018

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმეზე, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიმართვის საფუძველზე, საქმის მასალებს საქართველოში აშშ საელჩოს 2018 წლის 8 იანვრის ოფიციალური წერილი დაურთო, რომლითაც დიპლომატიური კორპუსი ლისის ტბის დავის სამართალწარმოების მიმდინარეობით ინტერესდება და საქმის შედეგებზე შემდგომ ინფორმაციას მოითხოვს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30 იანვრის სხდომაზე, რამაზ ახვლედიანის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მოისმინა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია და უნდა იმსჯელოს:

  • რამაზ ახვლედიანის მიერ 2006 წლის 04 ნოემბრის პირადი განცხადების საფუძველზე ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მითითება და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, შეესაბამებოდა თუ არა საქმის მასალებიდან გამომდინარე, პირის ნამდვილ იურიდიულ ნებას და ასეთი მოქმედების საფუძველი, ხომ არ გახდა ადმინისტრაციული ორგანოების - პრეზიდენტის, მთავრობის ან/და თბილისის მერიის არამართლზომიერი ჩარევა იმ შედეგის დადგომისთვის, რომელიც თავისუფალი ნების პირობებში, კანონის საფუძველზე, ვერ შეიძლებოდა დამდგარიყო;
  • რამაზ ახვლედიანი ვერ შეასრულებდა აღნიშნული განკარგულებით ნაკისრ ვალდებულებას თუ რამაზ ახვლედიანი ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებებს;
  • რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების მომზადება განპირობებული გახდა თუ არა სამართალში აღიარებული ისეთი ობიექტური გარემოებით, რომელიც კანონმორჩილი და კეთილსინდისიერი პირის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების შელახვას განზრახ გამოიწვევდა;
  • იყო თუ არა საკმარისი მხოლოდ რამაზ ახვლედიანის განცხადება იმისთვის, რომ პრეზიდენტს მიეღო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი და ასეთი გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად, სავალდებულო იყო ს.ს. „ლისის ტბის“ წერილობითი თანხმობა, რაც ბუნებაში არ არსებობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დადგენილია, რომ პრეზიდენტის განკარგულებით ვალდებულებების შესრულება, თანაბრად შესასრულებელი გახლდათ, როგორც რამაზ ახვლედიანის, ასევე ს.ს. „ლისის ტბის“ მიერ. საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის საკითხი, რომ რამაზ ახვლედიანს, 2006 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, არ გააჩნდა არავითარი დარღვევა და ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ვალდებულებების შეუსრულებლობას არაჯეროვნებისა და არაკეთილსინდისიერების საფუძველზე, არ მიუთითებს პროცესის მონაწილე არც ერთი მხარე და აღნიშნულის თაობაზე, არ არსებობს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ რაიმე სახის დოკუმენტური მასალა. შედავება იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანი ვალდებულებებს ვერ ან/და არ ასრულებდა, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ 2006 წლის 04 ნოემბრის რამაზ ახვლედიანის განცხადება, სადაც მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, მიზეზების გარეშეა საუბარი. პრეზიდენტის სადავო კანკარგულებით დადგენილია, რომ ვალდებულებების შესრულებაზე ან/და ნებისმიერი სახით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ევალებოდა თბილისის მერიას და მცხეთის მუნციპალიტეტის გამგეობას. შესაბამისად, სახელმწიფოს ამ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან რამაზ ახვლედიანის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ არც ერთი დოკუმენტური ჩანაწერი არ გხვდება, რომელიც საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, თავად პრეზიდენტის სადავო გადაწყვეტილების შეწყვეტის ან/და სხვა სახით სანქციებისთვის.

არჩილ კაიკაციშვილმა სხდომაზე განმარტა რამაზ ახვლედიანის იურიდიული ინტერესი და აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში, ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქმის გამოცემული აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით, საქმე დაუბრუნდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. აღნიშნულის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად, სასამართლოს მიეთითა გარემოებაზე, როდესაც 1997 წლის 8 სექტემბრის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის N1-3/548 ბრძანებით რეგულირებული სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მისი სურვილის მიუხედავად, კანონით არ ჰქონდა მინიჭებული არანაირი უფლება გაეუქმებინა ან ბათილად ეცნო რამაზ ახვლედიანის მიერ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი ქონება და ასეთი პრეროგატივა გააჩნდა მხოლოდ სასამართლოს.

ცნობისთვის: რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს გიორგი ტყავაძე (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძე და ნათია ქუთათელაძე. მომდევნო სხდომა 2018 წლის 27 თებერვალს, 15:00 საათზე განახლდება.



კომენტარები