„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და „ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაციამ“ მემორანდუმი გააფორმეს

8 თებერვალი, 2018

2018 წლის 08 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებსა“ და „საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვის განმტკიცებას, სამიზნე ჯგუფში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესწავლასა და მათი აღმოფხვრის ხელშეწყობას, როგორც საზოგადოების ასევე კანონმდებლებისა და პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მონაწილეობით. ორგანიზაციები მემორანდუმის ფარგლებში აქცენტს აკეთებენ ჯანდაცვის პედიატრიულ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ბავშვების საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, მათი უფლებების ეფექტური რეალიზებისთვის ფსიქო-სოციალური პროგრამებისა და სერვისების დანერგვასა და განვითარებაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ და „საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაცია“ ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში განახორციელებენ ისეთ პროგრამებს, ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებში, ბავშთა უფლებებისა და საჭიროებების ეფექტურ რეალიზებას. მხარეები გამოთქვამენ მზაობას, თანამშრომლობის პერიოდში, გააკეთონ ერთობლივი განცხადებები, მოამზადონ და გამოაქვეყნონ დასკვნები თუ რეკომენდაციები. მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა ინტერესებზე ორიენტირებული ფსიქო-სოციალური პროგრამებისისთვის განახორციელენო ცნობიერების ამაღლების კამპანიები და უზრუნველყონ ინსტიტუციური დიალოგი მთავრობასთან, პარლამენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო ორგანიზაციებთან და არასრულწლოვანთა საკითხებით დაინტერესებულ პირებთან.

ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაცია“ დაფუძნდა 2007 წელს და მისი საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს პაციენტისთვის და მისი ოჯახისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ მეტი ინფორმაციისა და ცოდნის მიღების უზრუნველყოფა, პედიატრიულ დაწესებულებებში ბავშვისთვის მიმზიდველი და ასაკობრივი მოთხოვნილებების შესატყვისი გარემოს შექმნა, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ახალი მომსახურების დანერგვა და სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება. „ახალგაზრდა ადვოკატები“, ამ პროცესში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და უზრუნველყოფს პრობლემური საკითხების ადვოკატირებას.

როგორც მემორანდუმის ფარგლებში გახდა ცნობილი, ორგანიზაციები მოკლე ხანში, საზოგადეობას, სამედიცინო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების რეალიზების მიმართულებით მასშტაბურ პროექტს შესთავაზებს, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების გამოწვევების გამოკვეთასა და მათი დაძლევის ხელშეწყობას.



კომენტარები