„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრას დაესწრო

8 თებერვალი, 2018

2018 წლის 8 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ბიზნესომბუდმენ ირკალი ლექვინაძესთან არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმატში გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, მისასალმებელია ბიზნესთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ და მნიშნველოვან გამოწვევებზე გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური და მჭიდრო  თანამშრომლობა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა ირაკლი ლექვინაძეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენად დანიშნვა მიულოცა და ისაუბრა იმ ბიზნეს დავებზე, რომელიც ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა ფორმატის გამოყენება, რათა მართლმსაჯულების გამჭვირვალობა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები ბიზნესის მდგრადობაზე აისახოს. მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის დაპირების პროცესში, სასამართლოებში არაერთი დავაა, სადაც მხარე სახელმწიფოა, ხოლო დაზარალებული კონკრეტული ბიზნესმენი და კომპანია. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ამ მიმართულებით, მაქსიმალურად იქნეს ჩართული და ერთგვარად იტვირთოს მედიატორის როლი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, თუკი ამისთვის საჭიროა ცვლილებები შევიდეს „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში და დაიხვეწოს „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი, ასეთი ცვლილებების განხორციელება მოემსახურებოდა ბიზნეს-დავების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნებსა და ამოცანებს. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ბიზნესომბუდსმენი აპარატი აქტიური იყოს დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავების ნაწილში და შეძლოს საზოგადოებრივი მხარდაჭერის ამაღლება ეფექტური გადაწყვეტილებებისთვის.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მზად არის თანამშრომლობა საერთო საკითხების ირგვლივ გაგრძელდეს.

 

 

 

 

 



კომენტარები