„ახალგაზრდა ადვოკატები“ „Sinohydro”-ს დაზარალებულებს სასამართლო წარმომადგენლობას სთავაზობს

9 თებერვალი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას სასამართლოში დავის დაწყებას და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სთავაზობს. ორგანიზაციის განმარტებით, მომართვის და საკითხის სამართლებრივი შეფასების შემდეგ, ორგანიზაცია მოამზადებს სარჩელებს და იქნება დაზარალებული მოქალაქეების წარმომადგენელი საერთო სასამართლოებში. ძირითადად, სადავო საკითხები ეხება კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის ადგილობრივი მოქალაქეების საკუთრების უფლების სავარაუდო ხელყოფის ფაქტებს.

ორგანიზაციის შეფასებით, კომპანია „Sinohydro Corporation Limited“ სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის გაუმჯობესების, ავტომაგისტრალის რუისი-აგარა-აგარის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაუმჯობესების, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის ძირულა-მოლითის მონაკვეთის რეაბილიტაციის, ბათუმი (ანგისა)-ახალციხე შიდასახელმწოფოებრივი გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების, ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობისა და ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობის ტერიტორიულ ერთეულებში. შესაბამისად, ორგანიზაცია მზად არის, მოისმინოს დაზარალებული მოქალაქეების პრეტენზიები და უფლების დარღვევის ფაქტების შემთხვევაში, დაიწყოს სასამართლო დავები.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-სა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, სამართლებრივი დავა 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო, რომელიც ეხება მოქალაქე მაყვალა ჯაფარიძის საქმეს, კომპანიის მიერ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში დაზარალებული მოქალაქის კანონიერ უფლებებში აღგენის შემთხვევას. იქედან გამომდინარე, რომ კომპანიის მიერ დაზარალებული მესაკუთრე, შესაძლებელია, კვლავ სხვა მოქალაქეებიც აღმოჩდნენ, ორგანიზაცია მათ სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.



კომენტარები