ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ წარმოებული ახალი დავის თაობაზე განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებზე დაფინანსების გამჭვირვალობის სადავოდ მიჩნეულ საკითხებთან დაკავშირებით, მოწმის სახით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის წევრი, პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე დაიკითხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მოქალაქე თამარ კიკაჩეიშვილს უარი ეთქვა აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სწავლის საფასურის - 44 695 აშშ დოლარისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების - 22 073 აშშ დოლარის დაფინანსებაზე. თამარ კიკაჩეიშვილმა 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თამარ კიკაჩეიშვილმა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად თამარ კიკაჩეიშვილის გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით არ მომხდარა. შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სასამართლომ 2017 წლის 7 ნოემბრისა და 14 დეკემბრის სხდომებზე, თამარ კიკაჩეიშვილის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები დააკმაყოფილა, მათ შორის თამარ კიკაჩეიშვილის მიერ სადავო გადაწყვეტილების შემდგომ კომისიასთან შეხვედრის აუდიო-ჩანაწერი, რომელიც არ გამორიცხავს აპლიკანტის მიმართ გრანტის მინიჭებაზე უარს კომისიის ცალკეული წევრების მიერ თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ პიროვნული შეუთავსებლობის გამო. ამასთან, სასამართლომ საქმეს დაურთო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ბოსტონის უნივერსიტეტმა მიიღო საგამონაკლისო დაშვება და თამარ კიკაჩეიშვილს გადაუვადა სწავლის დაწყების თარიღი და შეუნარჩუნა გაცემული სტიპენდია 2018-2019 სასწავლო წლისთვის. თამარ კიკაჩეიშვილი არის ჟურნალისტი და მედიის სპეციალისტი, პრესტიჟულ გამოცემებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ, საერთო სასამართლოებში, უკვე მეორე დავას აწარმოებს. ორგანიზაცია გეგმავს ცენტრის საქმიანობაზე სამართლებრივი დასკვნის მომზადებას და გამოქვეყნებასაც, სადაც აპლიკანტთა უფლების დარღვევის ფაქტებზე იქნება საუბარი. რაც შეეხება თამარ კიკაჩეიშვილის ადვოკატირებას, საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ახდენს. ცენტრის ინტერესებს წარმოადგენს ანა მჭედლიშვილი.
საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, სხდომა 2018 წლის 13 თებერვალს, 12:00 საათზე განახლდება. საქმეს მოსამართლე ნანა დარასელია განიხილავს.