ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შემსრულებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, 2018 წლის 15 იანვარს, ქ. თბილისის მერიის მიმართ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის საჯაროდ ხდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სახეზეა ადმინისტრაციული სამართალწარმოებისთვის სრულიად გაუგებარი შემთხვევა - თბილისის მერიამ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს უწოდა „განცხადება“, ხოლო ადმინისტარციულ საჩივარზე „გადაწყვეტილების“ მომზადების ნაცვლად, გასცა „წერილი“. ორგანიზაციამ მერიისგან დოკუმენტი 16 თებერვალს მიიღო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სამართლებრივად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაზე შემსრულებელი ორგანიზაციის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიმართ დაწესებულია ხარვეზების აღმოფხვრის ვადა, მეორე მხრივ ორგანიზაციის ადმინისტარციული საჩივრით დასმული სამართლებრივი საკითხები ტოვებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. შესაბამისად, თბილისის მერიამ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს უწოდა „განცხადება“, ხოლო ადმინისტარციულ საჩივარზე „გადაწყვეტილების“ მომზადების ნაცვლად, გასცა „წერილი“. სინამდვილეში, ადმინისტარციული სამართალწარმოების არსიდან გამომდინარე, ადმინისტარციული ორგანოს მიერ უნდა მიღებულიყო „გადაწყვეტილება“.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის #60-0118047965 წერილი, რომლის საფუძველიც გახდა ადმინისტრციული საჩივარი, თავისი არსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტარციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და დადგინდეს მისი მართლზომიერების ფარგლები, ვინაიდან აქტი იურიდიულად მოქმედია და მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში". ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის #60-0118047965 წერილი-გადაწყვეტილება, კანონით დადგენილი წესით, გასაჩივდრება.
წარმოგიდგენთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის #60-0118047965 წერილს, რომელსაც ხელს არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე (სამართლებრივ საკითხებში) თამარ გვიჩიანი აწერს.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გადმოგზავნილი თქვენი 2018 წლის 15 იანვრის N 20/01180151278-01 განცხადება, რომელიც ეხება სამსახურსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებულ 2015 წლის 15 ოქტომბრის N 020 ხელშეკრულებას.
პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N020 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს (ობიექტს) წარმოადგენს საპროექტო მომსახურების, კერძოდ, საქართველოს დედაქალაქის - ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების შესყიდვა და მასზე საავტორო უფლების გადაცემა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტის მიხედვით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს . საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების მე-19 მუხლის მიხედვით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების საფუძველია კანონმდებლობა, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებით დავალება. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების პროცედურა, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს ( I ეტაპი - დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების გეგმარებითი დავალების დამტკიცება, ხოლო II ეტაპი - დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცება), რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ I ეტაპით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაძლებელია შემდგომი ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს შესაბამისი თვითმართველობის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს გამოსცემს საკრებულო.
„კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N 12 განკარგულებით დამტკიცდა ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გეგმარებითი დავალება, რაც წარმოადგენს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების პროცედურის I ეტაპს, თუმცა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისთვის ასევე საჭიროა II ეტაპის გავლაც და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 20 ხელშეკრულებით განსხვავებულია შესყიდვის ობიექტის (საპროექტო მომსახურების ) ხარისხი და გარანტია, ასევე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის/ინსპექტირების პირობები და მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულირების შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, როგორც ხელშეკრულების მხარე (შემსყიდველი) ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მეორე მეორე მხარის (მიმწოდებლის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და იყენებს შესაბამის, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს პირობების დარღვევის/არაჯეროვანი შესრულებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებულ იქნა შესაბამისი სანქციები, მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ბოლო - მე-6 ეტაპზეც.
ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 020 ხელშეკრულება ითვალისწინებს მისი შეწყვეტის შესაძლებლობას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, რაც წარმოადგენს უკიდურეს ზომას. ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და შემსყიდველისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის ობიექტის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“ (სტილი დაცულია).
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შემსრულებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, 2018 წლის 15 იანვარს მიმართეს.
ორგანიზაციის განმარტებით, თბილისის მერიასა და შემსრულებელ ორგანიზაციას შორის თბილისის მგგ-ის მომზადებაზე შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო გამარტივებული წესით, ვინაიდან დოკუმენტის წარმოდგენა მომხდარიყო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, დროის მოკლე პერიოდში, 23 თვის განმავლობაში. ხელშეკრულების თანახმად, შემოწმებისას პირველად გამოვლენილი ნაკლისთვის, მიმწოდებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა იგივე ფაქტის განმეორებით ან მესამედ იგივე შემთხვევისთვის, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს „შემსრულებელი“ ორგანიზაციის ხელშეკრულების ღირებულების 5%-ით დაჯარიმებას და ასევე, ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2017 წლის 21 დეკემბერსა და 2018 წლის 15 იანვარს მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, შემსრულებელი ორგანიზაცია „სიტი ინსტიტუტი საქართველო“ დაჯარიმდა ა) მეორე ეტაპზე 5600 ლარით, ბ) მეოთხე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600 და 140000-00 ლარით, ბ) მეექვსე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600-00 და 140000-00 ლარით. ამასთან, შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, მომსახურების ღირებულების გადასახდელი 2800000-00 მილიონი ლარის გადახდა, ხელშეკრულების დანართი #3-ის მიხედვით, განაწილდა შემდეგნაირად - პირველ ეტაპზე - 620000-00 ლარი, მეორე ეტაპზე - 46 0000-00 ლარი, მესამე ეტაპზე - 48 0000-00 ლარი, მეოთხე ეტაპზე - 440000-00 ლარი, მეხუთე ეტაპი არ ითვალისწინებდა თანხის გადახდას, ხოლო მეექვსე ეტაპის საბოლოო მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ შესმრულებელ ორგანიზაციას, 2018 წლის 12 იანვარს, გონივრული ვადა შესთავაზა, რაც 45-დღიანი პერიოდით შემოიფარგლა და 25 თებერვლისთვის სრულდება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სადავო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეოთხე ეტაპზე, როდესაც „შემსრულებელს“ დაეკისრა 140 000 ლარი ჯარიმის სახით, რაც ხელშეკრულების ღირებულების 5%-ია, დადგა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოება, თუმცა თბილისის მერიამ, როგორც „შემსყიდველმა“, მოცემულ გარემოებაზე, არ მოახდინა სწორი სამართლებრივი რეაგირება. ამასთან, როდესაც ჯარიმების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა გარიგების ღირებულების 4%-ს (112 000 ლარს), ხელშეკრულების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გარემოება ხელშეკრულების მოშლის, თუმცა არც მოცემული შემთხვევას დაუთმო მერიამ ყურადღება. ამდენად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ვინაიდან ფაქტია, რომ „შემსრულებელი“ ორგანიზაცია 4-ჯერ იქნა დაჯარიმებული, რაც თავის მხრივ უთითებს იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულების შესრულებისას გამოვლენილ იქნა მნიშვნელოვანი ნაკლი. საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ჯარიმები დაკისრებულია არა ვადა გადაცილების, არამედ ნაკლოვანი ნივთის წარდგენის და შემდგომ მისი ვერ გამოსწორების საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული გარემოებების ერთობლიობა სრულ საფუძვლებს ადგენს, რათა ვადაზე ადრე შეწყვეტილიყო ხელშეკრულება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა, ხოლო ნოემბერში გამოსცა სპეციალური ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ 2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ თვითმმართველობის ორგანოებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება.