GBA-ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტმა მუშაობა დაიწყო

17 თებერვალი, 2018

2018 წლის 17 თებერვალს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტმა პირველი სამუშაო სხდომა გამართვა. შეხვედრაზე კომიტეტის მნიშვნელობაზე, ასოციაციის თვითმმართველობის როლსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტების საკითხებზე ისაუბრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, რომელმაც მხარდაჭერა აღუთქვა კომიტეტს და ისაუბრა იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას პროფესიული განვითარებისთვის გააჩნია. კომიტეტის საქმიანობას მხარდაჭერა აღუთქვა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა. შეხვედრას უძღვებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და თანათავმჯდომარე მარიამ საბიაშვილი. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სამოქმედო გეგმის მიმართულებები და იმ აქტიურობების შინაარსი, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა დაიწყოს. კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერის, განვითარებისა და საჭიროებების ინსტიტუციურ მექანიზმებზე. საუბარი შეეხო სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, აქტუალურ სამართლებრივ თემებზე ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას. არასამთავრობო ორგანიზაციების საჭიროებების დადგენის მიზნით, კვლევის მომზადებას. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას. რეგიონში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელშეწყობას და იმ რეგიონების კვლევას, სადაც არ საქმიანობენ სამოქალაქო ორგანიზაციები და შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროებას. კომიტეტმა იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური შესაძლებლობების გაზრდის საკითხი და ამ მიმართულებით, ქართული ფონდების ჩართულობის უზრუნველყოფა. კომიტეტმა პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავება და საპროექტო საქმიანობის დაწყება, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სამოქალაქო ჯგუფების საერთო ინტერესებს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს. კომიტეტმა განიხილა სხვა მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხები და საკითხების შესრულების ფორმები.

GBA-ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის მიზანია ადვოკატთა პროფესიული გამოცდილების, შესაძლებლობებისა და ინსტიტუციური დიალოგის უზრუნველყოფა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სამოქალაქო უფლებებისა და ინიციატივების ერთობლივი გაძლიერება, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განმტკიცება. ამ ამოცანების განსახორციელებლად, კომიტეტი თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქმნის პროფესიულ ბაზას და უზრუნველყოფს მათ მოწვევას და ჩართულობას ინიცირებულ საკითხებზე, შეისწავლის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მომართვებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის საკითხებზე, პროფესიული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი წინადადებების განხილვის ან/და ადამიანის უფლებების საკითხზე და ახდენს შესაბამის რეაგირებას მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, ამზადებს შესაბამის დასკვნებს, კვლევებს, ანგარიშებს, პროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს, როგორც პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებასა და სამოქალაქო სექტორის დაცვის საკითხებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს. თანამშრომლობს ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს მათი გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, ამზადებს საკანონმდებლო წინადადებებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით წარსადგენად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსთვის შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე. საერთო მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და მედიასთან.

კომიტეტი შედგება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 15 ადვოკატი წევრისაგან. ამჟამად, კომიტეტი შედგება შემდეგი წევრებისგან: არჩილ კაიკაციშვილი, მარიამ საბიაშვილი, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქეთევან ქავთარაძე, თამთა მეგრელიშვილი, თამარ ლუკავა, სალომე ქასრაშვილი, ლაშა ციბაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ლომსიანიძე, ბექა ჯავახიშვილი, ზაალ ქადაგიშვილი, არჩილ ნიჟარაძე, გალინა ფარქოსაძე და თამარ შარანგია. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომისიაში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის ექსპერტები და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, როგორც სასამართლო სისტემიდან, ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 28 თებერვალს გაიმართება. 



კომენტარები