ხაშურის რაიონული სასამართლო ე.წ. „ბაღების საქმეზე“ საკონკურსო კომისიის უმრავლესობას დაკითხავს

20 თებერვალი, 2018

2018 წლის 20 თებერვლის ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ წარმოებულ დავაზე ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო კომისიის წევრები: ანნა ლაბაძე, ინეზა ელისაშვილი, აკაკი ჯამბაზიშვილი, ხათუნა ელისაშვილი, მანანა ბერაია და კომისიის მდივანი, თეა ჭავჭავაძე დაიკითხებიან. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა, როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის წარმომადგენელთა, ამასთან საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელთა შუამდგომლობა. ამასთან, სასამართლომ იმსჯელა და არ დააკმაყოფილა მოწმის სახით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გურასპაშვილის დაკითხვა, რომელმაც კონკურსში უსაფუძვლოდ დაჩაგრული კანდიდატები პირველმა მიიღო და დახმარება აღუქთქვა. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროცესის მესამე პირად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევის მოთხოვნა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანებამ შესაგებელი და მასზე თანდართული მასალები სასამართლოს წარუდგინა სარჩელის ჩაბარებიდან მე-11 დღეს. სასამართლოს შესაგებლის წარმოდგენისთვის დადგენილი გააჩნდა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღე, თუმცა მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს დაამყარა - „წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს მიუკერძოებლობის დადგენის მიზნით, მოსამართლეს ჰკითხა, რა სამსახურეობრივი ურთიერთობები არსებობდა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების მოქმედ დირექტორ დავით ნოზაძესთან და იღებდა თუ არა მონაწილეობას ბაღების სამართლებრივად ჩამოყალიბების პროცესში. აღნიშნული კითხვა მოსამართლის აცილების საფუძვლების დაყენების შემდეგ დაისვა, რა დროსაც, არჩილ კაიკაციშვილმა, მტკიცებულებად მოსამართლის ბიოგრაფია მოიხმო და აღნიშნა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე, თეიმურაზ ფარეიშვილი 2012-2015 წლებში მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად და მოსამართლეობამდე თვითმმართველობაში საქმიანობა თეიმურაზ ფარეიშვილის ბოლო სამსახურს წარმოადგენდა. როგორც მოსამართლემ განმარტა, მოპასუხე მხარესთან ახლო სამსახურეობრივი ურთიერთობები არსებობდა, თუმცა მხარეს არ უნდა ჰქონოდა განცდა, რომ საქმის შედეგებზე აღნიშნული რაიმე გავლენას იქონიებდა. სხდომაზე მოსამართლის აცილების საკითხი არ დამდგარა და აღინიშნა, რომ მოსამართლის შემდგომი გადაწყვეტილებები იქნებოდა მიკერძოებისა თუ მიუკერძოებლობის მაჩვენებელი. ამასთან, სასამართლომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას - საბავშვო ბაღების გაერთიანებას 5 დღის ვადაში მოსარჩელეების ადგილას დანიშნული კანდიდატებთან გასაუბრების ოქმების წარმოდგენა დაავალა, რასაც მხარე შუამდგომლობის საფუძველზე ითხოვდა.

ორგანიზაცია მოითხოვს გამოცხადებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ სამი ადგილობრივი მკვიდრი. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად. კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საკონკურსო კომისიამ თავისი უფლებამოისლება განახორციელა კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგო. ვაკანტური თანამდებობები დაიკავეს პირებმა, რომლებიც დაწინაურდნენ კომისიის თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან პირადი შემხებლობის გამო. ამასთან, რაც ყველაზე საგანგაშოა, კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პირი, ირმა გომარელი აღმოჩნდა პირდაპირი დისკირიმინაციის მსხვერპლია. მას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა და გაერთიანების მთავარმა სპეციალისტმა, განუცხადა, რომ „ბევრი კანდიდატი ეკონომიური და ოჯახური მდგომარეობის გამო იქნა დაწუნებული, ზოგს კი უარი ეთქვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" (სტილი დაცულია). განსახილველ შემთხვევაში, ირმა გომარელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ პაკეტს, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობა, არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას საქმიანობა საამღზრდელო დაწესებულებაში გაეგრძელებინა. ორგანიზაცია საქმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო სისტემას და შრომით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც საქმეზე მონიტორინგის განხორციელება ეთხოვათ.

ცნობისთვის: ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მიიღო. მხარეს გააჩნია არაერთი შუამდგომლობა და მტკიცებულება, რომელიც საამღზრდელო დაწესებულების კონკურსში დისკრიმინაციის ფაქტის ნამდვილობაზე მიუთითებს. დავას მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი განიხილავს. მომდევნო სხდომა 2018 წლის 6 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება.

 

 



კომენტარები