ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ინიციატივით მომზადებულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც განხილილ იქნა დედაქალაქის წინაშე მდგარი პრობლემური და აქტუალური საკითხები. შეხვედრას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი თანამშრომლობის გაფართოება მესამე სექტორთან და იმ ხედვის დადგენა, თუ რა კუთხით ხედავს არასამთავრობო სექტორი საკრებულოსთან თანამშრომლობას. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის დონეზე ყველაფერი ადამიანის უფლებებთანაა დაკავშირებული, დაწყებული ტრანსპორტით, დამთავრებული გარემოს დაცვით და ამ საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმა ინსტიტუციური დიალოგის ინიცირებას მესამე სექტორთან და საკრებულოს კომისიას ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის იმ ინტერესების თაობაზე, რომელზედაც საქმიანობა მიმდინარეობს - ქალაქში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფის საკითხია. წლის ბოლოს, ქალაქის ბიუჯეტში ამოწურულია საჭირო ფინანსური სახსრები, რის გამოც, რთულდება ქირის გაცემა და მოქალაქეები, ფაქტობრივად, ქუჩაში რჩებიან. მწვავე პრობლემაა სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით უსაფრთხოების რეგულაციების ნაკლებლობა. ამასთან, ორგანიზაციამ ისაუბრა იმის შესახებაც, რომ სამშენებლო ნებართვები არ ითვალისწინებს სამუშაო მასალის შემოწმების ხარიხსს, რაც რეგულაციის საგანი უნდა გამხდარიყო. ამასთან, საუბარი შეეხო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალიური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების დოკუმენტს და ამ კონტექსტში საკითხი დადგა მესაკუთრეთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ორგანიზაციის შეფასებით, საჭიროა, ამ საკითხებზე საკრებულომ შეიმუშავოს რაიმე სახის რეგულაცია. ასევე, სადაც ვერ მოხდება ექსპროპრიაცია და დაგეგმილია რეკრეაცია, საჭიროა დასაბუთებული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს კერძო მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ამასთან, საუბარი შეეხო კერძო კომპანიების მხრიდან თბილისში მაცხოვრებლების მიმართ უკანონოდ დარიცხული ჯარიმების საკითხს და საკრებულოს წინაშე საკითხი დაისვა ამ მიმართულებით ქმედითი მექანიზმების შექმნაზე.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონკრეტული ინიციატივები დააყენეს.