„ახალგაზრდა ადვოკატები“ მერიას ტაქსების სფეროს რეგულირებისთვის რეკომენდაციებით მიმართავს

27 თებერვალი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში ტაქსების მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, სისტემური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე თბილისის მერიის სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართავს და საკითხზე სამოქალაქო მონიტორინგს იწყებს, ვინაიდან პროცესს ჰქონდეს გამჭვირვალობის პრეტენზია, შედეგებს - მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზანი და მთლიანობაში, შესაძლებელი გახდეს მოწესრიგებული სატრანსპორტი გარემოს შექმნა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ გიორგი ლაბაძის განცხადებით, ტაქსების საქმიანობის ლიცენზირებისა და რეგულირების მთავარი არგუმენტი არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება, რისთვისაც მნიშვნელოვანია ავტომობილების ვარგისიანობა და მძღოლების კვალიფიციურობა. რეგულაციები უნდა დაწესდეს ტაქსისთვის ამოცნობადი ნიშნის მინიჭებასა და მანქანის მიერ ტექნიკური სტანდარტის დაკმაყოფილებაში. აღნიშნულის საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ ტაქსი წარმოადგენს ქალაქის ორგანულ ნაწილს და აუცილებელია ამ სეგმენტის მოწესრიგება. ლიცენზირება ასევე უნდა გამოვლინდეს მძღოლების მიერ შესაბამისი მოწმობის ფლობაში, კრიმინალური წარსულის არქონასა და ადგილობრივი არეალების ცოდნის აუცილებლობაში. ამასთან, მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ენის ცოდნის კომპონენტიც.

ორგანიზაციის შეფასებით, ტაქსების საქმიანობის მარეგულირებელმა ქართულმა მოდელმა უნდა გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაცია შესწავლილ რამდენიმე უცხოურ მაგალითზე საუბრობს და ყურადღებას დაუთმობს საკითხის მიმართ საერთაშორისო ტენდენციებს.  კვლევის ფარგლებში შესწავლილი ქვეყნების უმრავლესობაში ტაქსების საქმიანობის რეგულაციის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს ხარისხისა და ფასის კონტროლი. ამ მიმართულებით, აღსანიშნავია ფასების რეგულაცია, რაც გამორიცხავს ცალკეული პირის მხრიდან ფასების ხელოვნურ ცვლილებას, ტევადობის რეგულაცია დიდი ქალაქების შემთხვევაში, გადატვირთულობის თავიდან აცილების მიზნით აწესებს ლიცენზიის რაოდენობის ლიმიტს და უსაფრთხოების სტანდარტებს, რათა მოქალაქეებს მიეცეთ ხარისხიანი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალება.

შესწავლის პროცესში სხვადასხვა სახელმწიფოებში განსხვავებული პრაქტიკა გამოვლინდა. კერძოდ, ცალკეულ ქვეყნებში ტაქსების მომსახურების რეგულაცია დამყარებულია ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, თბილისის მერიამ, ტაქსების მომსახურების რეგულირებისას უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მდგომარეობა, ქვეყნაში დასაქმების ინდექსი და დღეის მდგომარეობით, ბაზარზე არსებული მოთხოვნა ტაქსის მომსახურების საჭიროებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ორგანიზაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ტაქსების მომსახურების სფეროს რეგულირების პროცესში შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

1 ორგანიზაცია ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ტაქსის მძღოლებისა ავტომობილების  მიმართ დაწესდეს შემდეგი მოთხოვნები:

  • საქმიანობის უფლება უნდა გაიცეს 21 წლის ასაკიდან;
  • მძღოლის მიერ გავლილი უნდა იქნეს სპეციალური სამედიცინო შემოწმება;
  • ყურადღება უნდა მიეცეს მძღოლის ნასამართლეობის საკითხს;
  • მძღოლმა უნდა ჩააბაროს ტესტი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის შესაბამისად ცოდნის შესახებ;
  • დაწესდეს შეზღუდვა 20 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების მიმართ;
  • დაცული იქნეს CO2–ს ემისიის სტანდარტები;
  • ტრანსპორტი უნდა იყოს მარტივად გარჩევადი სხვა ავტომობილებისგან.

2. ორგანზიაცია რაოდენობის კონტროლის რეგულირების კუთხით მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ტაქსების მომსახურების სფეროში დაწესდეს საქმიანობის ლიცენზიის ლიმიტი;

3. ორგანიზაცია ეკონომიკური კონტროლის მიმართულებით აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს ტაქსების მომსახურების სფეროში გონივრული მინიმალური და მაქსიმალური ტარიფების განსაზღვრას;

4. ორგანიზაცია ტაქსების მომსახურების რეგულირების ეფექტური იმპლემენტაციისთვის აუციელებელ საჭიროებად მიიჩნევს, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა განახორციელოს პროცესის მუდმივი ზედამხედველობა და მონიტორინგი;

5. ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ტაქსების რეგულირების ამოქმედების შემთხვევაში, ტაქსს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტატუსი და ისარგებლოს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც დღეს სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე მუშაობას აგრძელებს და ყურადღებით აკვირდება თბილისში ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროცესს და შედეგების თავსებადობის საკითხს. ცნობისთვის: 2018 წლის 24 იანვარს, თბილისის მერიამ ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ დედაქალაქში ტაქსების მომსახურების სფეროს რეგულირებისთვის ახალ კონცეფციაზე დაიწყებს მუშაობას, ხოლო 2018 წლის 26 თებერვალს ცნობილი გახდა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით.



კომენტარები