2018 წლის 28 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის არსამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის თემას წარმოადგენდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის განსაკუთრებული დაცვის საკითხის დარეგულირება უნდა მოხდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელთა მოსაზრებით, მნიშვნელოვანია შემოთავაზებულმა საკანონმდებლო რეგულაციამ სრულფასოვნად უზრუნველყოს თბილისის მასშტაბით მწვანე საფარის შენარჩუნება და თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ეკოლოგიური პრობლემები. საკანონმდებლო წინადადების შემუშავების პროცესში, ყურადღება უნდა დაეთმოს საკომპენსაციო ღონისძიებათა მიმართულების საკითხს, რა დროსაც, დეველოპერი, რომელიც მშენებლობის აუცილებლობისთვის მოჭრის ხეს, გამწვანების ღონისძიებათა განხორციელებით ან ფულადი კომპენსაციის გზით, ვალდებული იქნება აღნიშნული ქმედება დააკომპენსიროს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, მნიშნელოვანია ყველა სამშენებლო ნებართვა, რომელიც იწვევს მწვანე საფარის განადგურებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს, გაიცეს კომპენსაციის ვალდებულებით, კომპენსაციად კი განისაზღვროს ახლომდებარე ტერიტორიის გამწვანება და დადგენილი დროის განმავლობაში, მისი მოვლა. ამასთან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულაციათა აღსრულებისა და ზედამხედველობის საკითხი, რომლისთვისაც აუცილებელი იქნება შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ვალდებულების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულების საკითხი.
ორგანიზაცია საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ითანამშრომლებს ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან, რომელსაც უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით მოსაზრებებს წარუდგენს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო უწყებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ახალგაზრდა ადვოკატები“ შეხვედარზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ლაბაძემ და იურისტმა ია გოგნაძემ წარმოადგინეს.