შსს რეაგირებით, ხაშურის რაიონული სამმართველო ე.წ. „ბაღების საქმეზე“ დავით ნოზაძეს დაკითხავს

3 მარტი, 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების საფუძველზე, ხაშურის რაიონულმა სამმართველომ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების" მიერ ჩატარებული კონკურსის გაუმჭვირვალობის, ნეპოტიზმისა და დისკრიმინაციის ფაქტების მოკვლევაზე სამართალწარმოების პროცესი დაიწყო. შეტყობინების საფუძველზე, ხაშურის რაიონულმა სამმართველომ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოკითხა ირმა გომარელი, თინათინ ლობჟანიძე და მერი ღონღაძე, რომლებსაც კონკურსში ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე პირადი შეუთავსებლობისა და დისკრიმინაციის საფუძველზე ეთქვა უარი. მათ სამართალდამცავ უწყებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კონკურის მიმდინარეობის თაობაზე. ამასთან, ხაშურის რაიონულ სამმართველოში საქმეზე დაიკითხება „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორი, დავით ნოზაძე და საკონკურსო კომისიის წევრები, რომლის შემდგომაც გახდება ცნობილი, რა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭება საქმეს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას 2018 წლის 12 თებერვალს მიმართა და „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების" მიერ ჩატარებული კონკურსის გაუმჭვირვალობის, ნეპოტიზმისა და დისკრიმინაციის ფაქტების დაშვების შესახებ სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ დროული, სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოითხოვა. თავის მხრივ, საქმეზე სამართალწარმოების პროცესი გრძელდება ხაშურის რაიონულ სასამართლოში, სადაც მხარე მოითხოვს გამოცხადებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე.

ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ სამი ადგილობრივი მკვიდრი. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გადამეტებას, რომელსაც სათავეში ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით ნოზაძე ედგა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ვაკანტური თანამდებობები დაიკავეს პირებმა, რომლებიც დაწინაურდნენ კომისიის თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან პირადი შემხებლობის გამო. ამასთან, რაც ყველაზე საგანგაშოა, კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პირი, ირმა გომარელი აღმოჩნდა პირდაპირი დისკირიმინაციის მსხვერპლია. მას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა და გაერთიანების მთავარმა სპეციალისტმა, განუცხადა, რომ „ბევრი კანდიდატი ეკონომიური და ოჯახური მდგომარეობის გამო იქნა დაწუნებული, ზოგს კი უარი ეთქვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" (სტილი დაცულია). განსახილველ შემთხვევაში, ირმა გომარელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ პაკეტს, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობა, არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას საქმიანობა საამღზრდელო დაწესებულებაში გაეგრძელებინა.

2018 წლის 20 თებერვლის ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ წარმოებულ დავაზე ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო კომისიის უმრავლესობა - წევრები: ანნა ლაბაძე, ინეზა ელისაშვილი, აკაკი ჯამბაზიშვილი, ხათუნა ელისაშვილი, მანანა ბერაია და კომისიის მდივანი, თეა ჭავჭავაძე დაიკითხებიან. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა, როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის წარმომადგენელთა, ამასთან საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელთა შუამდგომლობა.

ცნობისთვის: ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მიიღო. დავას მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი განიხილავს. მომდევნო სხდომა 2018 წლის 6 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება. ორგანიზაციამ საქმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო სისტემას და შრომით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც საქმეზე მონიტორინგის განხორციელებას უზრუნველყოფენ. 



კომენტარები