ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „მაგთიკომის“ მიერ შესაძლო დარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წერილობით მიმართავს და მოითხოვს დეტალურად იქნეს შესწავლილი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც აბონენტების მიერ შეძენილი მეგაბაიტების ანულირება მოხდა და საკითხი განხილულ იქნეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კომპანიის გადაწყვეტილება სამართლებრივ შესაბამისობაში არ მოდის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებასთან. წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ პროვაიდერი კომპანიის მხრიდან არასწორად იქნა განმარტებული საკანონმდებლო თუ სახელშეკრულებო რეგულაციები, რითაც პირდაპირ დაირღვა მომხმარებელთა უფლებები. ორგანიზაცია საკითხის აქცენტს აკეთებს კომპანია „მაგთიკომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებისა და უშუალოდ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიმართ ცალკეული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე. ამასთან, მნიშვნელოვანია წარმოდგენილ ხელშეკრულებებში არსებული შეუსაბამობებისას საკითხი გადაწყდეს კანონიერად და სამართლიანად, რითაც გარანტირებული უნდა იყოს, როგორც მომხმარებელთა მიმართ ზიანის წარმოშობის აცილება, აგრეთვე უსაფუძვლო გამდიდრება კომპანიის სასარგებლოდ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებელია სწორად შეფასდეს მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობები და მათი შინაარსი. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საგანია ფიჭური სატელეფონო მომსახურება შემსყიდველ ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების (აბონენტების) მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, „მაგთიკომი“ ადგენს კონკრეტულ სატარიფო შეთავაზებას, რომელსაც შემდგომში შეისყიდის აბონენტი. მოცემული რეგულაციების გათვალისწინებით, აღნიშნულ პროცესში არსებობს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხელშეკრულება: ერთი - სახელმწიფოსა და პროვაიდერს, ხოლო მეორე - უშუალოდ პროვაიდერსა და აბონენტს შორის.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აბონენტი საშეღავათო პაკეტით სარგებლობისას ავლენს თავისუფალ ნებას და იძენს კონკრეტულ მომსახურებას კონკრეტული ვადით. აქედან გამომდინარე, კონკრეტულმა ჯგუფმა, ვის მიმართაც ვრცელდება საშეღავთო ტარიფები, თავიანთი ნებით განახორციელეს მეგაბაიტების შეძენა, რითაც კომპანიასა და ამ პირებს შორის წარმოიშვა დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გათავლისწინებულია შეძენილი პაკეტის ანულირება ხელშეკრულების შეწყვეტისას. აღნიშნული სახელშეკრულებო უფლებამოსილება პირდაპირ მიმართულია მიმწოდებელი კომპანიის მიმართ და დაკავშირებულია აბონენტებთან. ამ რეგულაციით, პრევენციის მიზნით, კომპანია „მაგთიკომი“ ვალდებული იყო მოეხდინა აბონენტთა წინასწარი ინფორმირება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ვადაზე ადრე მომხდარიყო შეძენილი პაკეტების ანულირება ან თავიდანვე შეეზღუდა პაკეტის მოქმედების ვადა. ვინაიდან „მაგთიკომმა“ არ უზრუნველყო აღნიშნული ვალდებულების შესრულება: ერთის მხრივ - გამაფრთხილებელი შეტყობინება, ხოლო მეორეს მხრივ - პროდუქტის გაყიდვის შეზღუდვა, ამით დაარღვია ხელშეკრულებითა და საკანონმდებლო რეგულაციებით გამყარებული კეთილსინდისიერების პრინციპი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ვინაიდან განხორციელდა გაუხარჯავი მეგაბაიტების ანულირება, რასთან დაკავშირებითაც აბონენტები არ ყოფილან წინასწარ ინფორმირებულნი, ამასთან, კომპანიის მხრიდან არ მომხდარა პრევენცია პაკეტების შესყიდვაზე შეზღუდვის დაწესებით, სახეზეა სავარაუდო ზიანი, რაც გამოიხატება იმ თანხაში, რომელიც აბონენტთა მხრიდან გადახდილ იქნა კონკრეტული ვადით მომსახურების მიღებისთვის, დღევანდელი მოცემულობით კი არასრულად მოხდა დასახელებული პაკეტებით სარგებლობა, რაც თავის თავში გულისხმობს აბონენტთა მიმართ მიყენებულ პირდაპირ ზიანსა და კომპანიის უსაფუძვლო გამდიდრების სავარაუდო ფაქტს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს შემდეგი მოთხოვნებით:
- საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;
- დადგინდეს იმ პირთა რაოდენობა, ვის მიმართაც მოხდა ვადაზე ადრე მომსახურების პაკეტის ანულირება;
- დადგინდეს, აღნიშნული ქმედებით სახეზეა თუ არა კომპანია „მაგთიკომის“ მიმართ მატერიალური სიკეთის მიღება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნული თემის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აგრძელებს საკითხის მოკვლევას. შესაბამისად, დაინტერესებულია შედეგით და გამოთქვამს მზადყოფნას, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ადმინისტარციული წარმოების პროცესში.