ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოვლენილ დარღვევებსა და უკანონო მოქმედებების ფაქტებზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საპროტესტო წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე სამი პროექტიდან, რომელსაც „სინოჰიდროს“ საქართველოს წარმომადგენლობა ახორციელებს, სამივე პროექტში კომპანია უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და შრომით კოდექსებს, აზიანებს გარემოს და არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.
„ახალგარზდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, სავაჭრო, კულტურული, სოციალურ თუ პოლიტიკური ურთიერთობების დრამატულად მზარდი ტენდენციის ფონზე, ნებისმიერი გადახრა კურსიდან, ნებისმიერი არამართლზომიერი მოქმედებები, ქართულ საზოგადოებაში ძალიან მტკივნეულ და არასასიამოვნო რეაქციას იწვევს. მისივე თქმით, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ძი იანჩის და დოკუმენტურ მასალას გადასცემს „სინოჰიდროს“ საქმიანობის შესწავლისა და სამართლებრივ პრეტენზიებზე შემდგომი რეაგირებისთვის.
„ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტი, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული გზა და სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის II ლოტი. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, სამუშაოებს ახორციელებს „სინოჰიდრო“ და ყველა მაგისტრალზე ადგილი აქვს კანონდარღვევებს, გარემოსთან ბარბაროსულ დამოკიდებულებას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფას, სამუშაოების უხარისხო შესრულებას. თითოეულ მონაკვეთზე უხარისხობის გამო სამუშაოების შესრულება ხდება რამოდენიმეჯერ, ხარვეზებისა და დარღვევების გამო, ყველა პროექტი ვადაში ვერ ეტევა და ხდება უკმაყოფილების მიზეზი, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ჩვენი მოსახლეობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. აშკარაა, რომ ჩინური სახელმწიფო კომპანია „სინოჰიდროს“ საქართველოს წარმომადგენლობის საქმიანობა აბსოლუტურად გასულია საქართველოს სამართლებრივი სივრციდან“, - ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ მიმართვაში.
„კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ ჩვენი პატივისცემა და კეთილი სურვილები პირადად თქვენს მიმართ და განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპროტესტო წერილი არ არის მიმართული ჩინეთის მოქალაქეებისა თუ ჩინეთის კორპორაციების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვამოძრავებს პრაგმატული მიდგომა, რომ კრედიტის სახით, აზიის განვითარების ბანკიდან, მსოფლიო ბანკიდან თუ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოყოფილი სახსრები დაიხარჯოს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ისეთი საგზაო ინფრასტრუტურა, რომელიც არაერთხელ გვინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და რომელიც საქართველოს მოქალაქეების ღირსეული ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს უზრუნველყოფს. ჩვენი უპირველესი სურვილია, რომ ყველა პროცესი, რაც დაკავშირებულია საქართველოს გადასახადის გადამხდელის დღევანდელ თუ სამომავლო ხარჯებთან, იყოს გამჭვირვალე, ღია და საჯარო და არ ემსახურებოდეს მხოლოდ ერთი მუჭა, იოლი გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანების ინტერესებს“, - აღნიშნულია ელჩის მიმართ გაგზავნილ წერილში.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „სინოჰიდროს წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის შესწავლა 2018 წლის იანვრიდან დაიწყეს. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, საგანგაშოა. ერთის მხრივ, ადგილი აქვს მესაკუთრეთა უფლებების უხეშ დარღვევას, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურულ პროექტების შესრულების პროცესში, დგინდება გარემოზე მიყენებული ზიანი, სახეზეა უხარისხოდ და ნებართვების გარეშე შესრულებული სამუშაოები, სახელმწიფო ჩინოვნიკებთან ფარული გარიგებები, რაც ტოვებს კორუფციულ რისკებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეხებოდა, გამოავლინა ის ბნელი მხარეები, რომელიც პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის და ზოგადად მოსახლეობის დამოკიდებულებისთვის ჩინური პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებლების მიმართ. კვლევის შედეგები 2018 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.