ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსალოდნელ გადაწყვეტილებამე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა ახსოვდეს, რომ მის წინაშეა სისტემური დანაშაულის მსხვერპლი, მოქალაქე, ბიზნესმენი - რამაზ ახვლედიანი და ლისის ტბა მუხანათურად წართმეულია.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა შეუძლია. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის დროს მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო. შესაბამისად, თუ სასამართლო ობიექტურად მოწოდებულია საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს, უნდა მოახდინოს მტკიცებულებების გაზიარება. რამაზ ახვლედიანი არის დაზარალებული, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, გავლენიანი პირების მეშვეობით, ვერ შეძლო მოქალაქის კანონიერ უფლებებში აღდგენა და მისი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილება. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი არ გააჩნია რამაზ ახვლედიანის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებისთვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რამაზ ახვლედიანი კეთილსინდისიერად ასრულებდა ლისის ტბის განვითარებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ამასთან, არ არსებობს ბიზნესმენის მოთხოვნა მიჩნეულ იქნეს ხანდაზმულად, ვინაიდან რამაზ ახვლედიანმა კანონიერ ინტერესებში აღდგენისთვის, სამართლებრივად ყველა ვარგის საშუალებას მიმართა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ ლისის ტბის წართმევის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნები აჩვენებს, რამდენად მუშაობს ქართული მართლმსაჯულება ინდივიდუალური მოსამართლის როლით და როგორ რეაგირებს სასამართლო სისტემური დანაშაულის საქმეებზე, სადაც შელახულია ყველაზე მთავარი ღირებულება - მოქალაქის საკუთრების უფლება.
რამაზ ახვლედიანის საქმეზე სამართლიანი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები თანხვედრაში უნდა მოვიდეს ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის აღდგენის პრინციპებთან და არავითარ შემთხვევაში - გავლენიანი ჯგუფების ინტერესებთან. სასამართლომ თავისი მიუკერძოებელი გადაწყვეტილებით უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ შეუძლია პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება. ამასთან, სასამართლო არ უნდა დათრგუნოს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე გავლენის მომხდენი, ხელისუფლებასთან აფილირებული ბიზნესმენის, რამაზ ახვლედიანის პარტნიორ მამუკა ხაზარაძის ფაქტორმა, რომელიც ყველა წინაპირობით დასტურდება, რომ იყენებს ყველა საშუალებას - მედიაშიც, სასამართლოშიც და პროურატურაშიც ლისის ტბის წართმევის საქმეზე სასურველი გადაწყვეტილებებისთვის. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სასამართლო სისტემა უნდა დაფიქრდეს, რომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე გამრუდებული სამართლიანობით, საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთ სარჩელს მიიღებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანის საქმე იქნება მაგალითი, თუ როგორ რეაგირებს სასამართლო ხელისუფლების სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებთან და აქვს თუ არა დაუცველ მოქალაქეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმეზე, გადაწყვეტილებას 2018 წლის 13 მარტს გამოიტანს. საქმეს განიხილავს გიორგი ტყავაძე (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძე და ნათია ქუთათელაძე. საქმეზე გადაწყვეტილება 16:00 საათზე გამოცხადდება.