ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ შემაჯემებელ სასამართლო სხდომას გამართავს. კანონის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის განხილვის დასრულების შემდეგ არ გადადოს სხდომა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახადოს მიღებული გადაწყვეტილება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მოქალაქე თამარ კიკაჩეიშვილს უარი ეთქვა აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სწავლის საფასურის - 44 695 აშშ დოლარისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების - 22 073 აშშ დოლარის დაფინანსებაზე. თამარ კიკაჩეიშვილმა 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თამარ კიკაჩეიშვილმა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილის გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით არ მომხდარა. შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სასამართლომ 2017 წლის 7 ნოემბრის, 14 დეკემბრისა და 2018 წლის 13 თებერვლის სხდომებზე, თამარ კიკაჩეიშვილის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები დააკმაყოფილა, მათ შორის თამარ კიკაჩეიშვილის მიერ სადავო გადაწყვეტილების შემდგომ კომისიასთან შეხვედრის აუდიო-ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი პასუხს ვერ სცემს კონკურსანტის სამართლებრივ პრეტენზიებს დასმულ და დაუსმელ შეკითხვებთან და კომისიის ერთ-ერთ წევრთან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლომ საქმეს დაურთო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, დგინდება, რომ ცენტრი თამარ კიკაჩეიშვილის რეკომენდატორ ლეონ მორსეს დაუკავშირდა არა აპლიკანტის შეფასების პროცესში, რაც სავალდებულო იყო, არამედ სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, 2017 წლის 2 აგვისტოს, ისიც არათემატურ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, ცენტრი მოითხოვდა დადგენას, თუ რა გარემოებების გამო დატოვა თამარ კიკაჩეიშვილმა „IREX”, როგორ დაახასიათებდა პროექტში და ჰქონდა თუ არა მზაობა ხელმეორედ მოეხდინა მისი დაქირავება. ლეონ მორსეს მიერ ცენტრის მიმართ გაგზავნილ იქნა ამომწურავი და თამარ კიკაჩეიშვილის პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების დამახასიათებელი წერილი. კომისიას/ცენტრს აღნიშნული არგუმენტი ესაჭიროებოდა 2017 წლის 4 აგვისტოს დამატებითი სხდომისთვის, თამარ კიკაჩეიშვილთან გასაუბრების დროს არგუმენტებისთვის, თუმცა ცენტრმა/კომისიამ საწინააღმდეგო გარემოებების დადასტურება, მისი არარსებობის გამო, ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და 13 თებერვლის სხდომაზე მოწმის სახით იქნა დაკითხული ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის წევრი, პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ, საერთო სასამართლოებში, უკვე მეორე დავას აწარმოებს. ორგანიზაცია ცენტრის საქმიანობაზე ამზადებს სამართლებრივი დასკვნას, სადაც აპლიკანტთა უფლების დარღვევის ფაქტებზე იქნება საუბარი. ბოსტონის უნივერსიტეტმა მიიღო საგამონაკლისო დაშვება და თამარ კიკაჩეიშვილს გადაუვადა სწავლის დაწყების თარიღი და შეუნარჩუნა გაცემული სტიპენდია 2018-2019 სასწავლო წლისთვის. თამარ კიკაჩეიშვილი არის ჟურნალისტი და მედიის სპეციალისტი, პრესტიჟულ გამოცემებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. მის ადვოკატირებას, საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ახდენს. ცენტრის ინტერესებს წარმოადგენს ანა მჭედლიშვილი. საქმეს მოსამართლე ნანა დარასელია განიხილავს. სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.