გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ხაშურის ბაღების გაერთიანებამ კონკურსის კანონის დარღვევით ჩატარება აღიარა

25 მარტი, 2018

ხაშურის რაიონული სასამართლო მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილის თავმჯდომარეობით, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის საქმეზე, გადაწყვეტილებას 2018 წლის 5 აპრილს გამოაცხადებს.

სასამართლომ ბოლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოახდინა და პროცესის მონაწილე მხარეების დასკვნითი სიტყვა მოისმინა. ხაშურის ბაღების გაერთიანებამ სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე აღიარა, რომ კონკურსი დარღვევებით და საკონკურსო პირობების დარღვევით მიმდინარეობდა, კანდიდატები გასაუბრების ეტაპზე სათანადო საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიუხედავად გადაიყვანეს და ასეთი დაშვებები, როგორც გაერთიანების დირექტორმა, დავით ნოზაძემ განაცხადა, მხოდა იმის გამო, რომ „არავის არ წყენოდა“. ხაშურის ბაღების გაერთიანებამ, ფაქტობრივად, ნაწილობრივ სცნო სარჩელი და სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ კონკურსი სამართალდარღვევის ფაქტებით მიმდინარეობდა, რაზედაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, მოსარჩელეების ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ხაშურის ბაღების გაერთიანების აღიარება ძირეულად ცვლის მტკიცებას იმის შესახებ, რომ კონკურსი გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და ობიექტური პრინციპებით დაცვით ჩატარდა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ბაღების გაერთიანებამ ყველა მათ არგუმენტს თავად გამოაცალა სამართლებრივი საფუძველი, როდესაც განცხადება გააკეთა კონკურსის დარღვევების ჩატრებაზე და გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების კანონით დარღვევით გადაყვანაზე, რაც სასამართლოს მიერ ბაღების გაერთიანების მიმართ დასმულ შეკითხვებშიც ღიად გამოჩნდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების იმ სამართლებრივ საფუძვლებზე მიაწოდა დასკვნები, რომელიც მოწმეთა დაკითხვის პროცესში, მათი ჩვენების შედეგად გამოვლინდა გარემოება, რომლითაც მოსარჩელეების მიმართ დგინდება დისკრიმინაცია პირდაპირი და არაპირდაპირი ფორმით. კერძოდ, მოსარჩელეების მიმართ ისეთი პირობების შექმნა, რომელმაც პირდაპირ ან არაპირდაპირ გააუარესა მათ მდგომარეობა ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. საკონკურსო კომისიამ არ გაითვალისწინა მოსარჩელეების გამოცდილება და ბიოგრაფიული მონაცემებები და გაითვალისწინა დანიშნულ პირთა ცხოვრებიუსეული გამოცდილებები, პოლიტიკური ჩართულობა, ძიძად ყოფნის შემთხვევები, რომელიც სამუშაო გამოცდილებად იქნა მიჩნეული და დანიშვნები მოხდა პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაზეც არაერთი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი.

ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სტრუქტურულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობის საკონკურსო კომისიის დებულების მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურსის შესახებ შეტყობინება ამავდროულად შეიცავდა განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას. 2017 წლის 26 სექტემბრის დირექტორის #785 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, სავალდებულო იყო კანდიდატს, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოედგინა ავტობიოგრაფია (CV). როგორც საკონკურსო კომისიის წევრებმა მოწმეთა დაკითხვის განმავლობაში აღნიშნეს, სავალდებულო დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუშვებელი იყო კონკურსანტის კანდიდატურის განხილვა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ნინო ლაბაძეს ავტობიოგრაფია არ წარმოუდგენია.

კონკურსის არაობიექტურობაზე, მისი არაერთი დარღვევით წარმართვაზე ასევე ხაზს უსვამს დებულების დარღვევის ფაქტები თავად კომისიის წევრების მიერ. როგორც ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მე-10 მუხლის მეორე ნაწილშია აღნიშნული, გასაუბრება უნდა ჩატარებულიყო კანდიდატთან წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით. თუმცა, მოწმეთა ჩვენებებში დაფიქსირდა განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო მოცემულობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კომისიის წევრთა (მოწმეთა) უმრავლესობა წინასწარ იცნობდა სარჩელს. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, თუმცა ვარაუდს აჩენს იმ ფაქტზე, რომ მოწმეებს თავიანთი სამსახურეობრივი უფლებამოსილებიდან თუ საქმეში მათი ჩვენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული რეალობასთან შეუსაბამო პასუხები მხარეთა შეკითხვებზე. ამ ვარაუდს, ასევე ამყარებს ის ფაქტი, რომ კომისიის წევრთა უმრავლესობა თემატურ, თუმცა მათთვის მოულოდნელ შეკითხვებზე ერთნაირად აფიქსირებდნენ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მათივე შეფასებები, დამოკიდებულებები, შენიშვნები თუ გადაწყვეტილებები არ ახსოვდათ.

მოწმეთა ჩვენებებიდან გამოიკვეთა გარკვეული გარემოებები, რომლებიც უშუალოდ მიუთითებს მოსარჩელეთა მიმართ ჯანმრთელობის თუ პიროვნული შეუთავსებლობის გამო დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტზე, მაგალითად:

მოწმე ანნა ლაბაძე  ჩვენების მიცემის დასაწყისში უარყოფს, რომ ფრაზა „ბევრი კანდიდატი ეკონომიური და ოჯახური, მდგომარეობის გამო იქნა დაწუნებული, ზოგს კი უარი ვუთხარით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ მის მიერ იქნა გაჟღერებული. თუმცა, მოგვიანებით კი აღნიშნავს, რომ „ეს ფრაზა არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი.“ მაგალითად, კანდიდატის სოციალური მდგომარეობის კომისიის წევრების მიერ მხედველობაში მიღების ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ანნა ლაბაძე აღნიშნავს „მე ვუთხარი მას რომ შეიძლება ამ დროს ოჯახური პირობები იყოს გათვალისწინებული, მაგალითად მრავალშვილიანია..“  ასევე ანნა ლაბაძის ჩვენებიდან იკვეთება ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, კანდიდატი აბსოლუტურად სწორად უპასუხებდა თუ არა ყველა დასმულ შეკითხვას, ის გადაწყვეტილებას იღებდა კონკურსანტის ვიზუალიდან და მეტყველებიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩვენებაში ის აღნიშნავს, - „აქ არის ერთად ყველაფერი ერთად და კომპლექსურად, მანერა, ყველაფერი არის სამაგალითო ბავშვისთვის, მისი ხმის ტემბრიც, მისი ჩაცმულობაც, მისი გარეგნობაც, მისი აზროვნებაც და ქცევაც“;

მოწმე მანანა ბერაია თავის ჩვენებაში ხაზს უსვამს რომ კომისიის წევრების მიერ გასაუბრების ფარგლებში კანდიდატეტების მიმართ დასმული შეკითხვები სრულად არ იყო მიმართული მათი პროფესიული უნარ-ჩვევების იდენტიფიცირებისკენ. ის აღნიშნავს, რომ „3 კითხვის დასმით ვერანაირად ვერ წამოიღებთ კონკურსანტისაგან საბოლოო შეფასებას“; „ვფიქრობ 3 კითხვით კანდიდატის უნარ-ჩვევები ბოლომდე არ გამომჟღავნდება“ - ეს ფაქტი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ან ოქმში სრულად არ ასახულა ყველაფერი (რასაც სხდომის მდივანი თეა ჭავჭავაძე კატეგორიულად უარყოფს) ან იმ ფაქტზე, რომ კომისიის წევრების მიზანი, წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში, არ ყოფილა კანდიდატების რეალური პროფესიული უნარ-ჩვევების იდენტიფიცირება და კონკურსი ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.  მოწმე თეა ჭავჭავაძე, ჩვენებაში აღნიშნავს, რომ „მისალმებიდან დამთავრდებამდე იბეჭდებოდა ყველაფერი“; „არც ერთი შეკითხვა არ შემიმოკლებია“. ასევე მანანა ბერაია ჩვენებაში აღნიშნავს, რომ თუკი კანდიდატის პასუხი სწორი, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა - მას ესმებოდა დამაზუსტებელი შეკითხვები. მოსარჩელეების შემთხვევაში, დამატებითი შეკითხვები არ დასმულა, რაც მიუთუთებს იმაზე, რომ მათი პასუხები სწორი და ამავდროულად, ამომწურავიც იყო.

მოწმე ინეზა ელისაშვილის  ჩვენება ერთგვარად ამყარებს ანნა ლაბაძის მიერ გამოთქმულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატების არა მხოლოდ პროფესიულ უნარ-ჩვევებს მიექცა ყურადღება, არამედ მათ სოციალურ მდგომარეობასაც. (რაც დაუშვებელია საკონკურსო დებულებითაც კი). კომისიის წევრებს მხოლოდ კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან პროფესიული შეთავსების საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა ინეზა ელისაშვილი ნინო ლაბაძის მიმართ ამბობს შემდეგ ფრაზას: „რა მაქვს ცუდი სათქმელი, არის ქვრივი, ზრდის 4 შვილს...“

მოწმეები ხათუნა ელისაშვილი და აკაკი ჯამბაზიშვილი აღნიშნავენ, რომ ავტობიოგრაფიის წარმოდგენის გარეშე კანდიდატის გასაუბრების მეორე ეტაპზე გადაყვანა დაუშვებელია, არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა არის დებულების დარღვევა, რაც კანდიდატის კონკურსის მიღმა დატოვების საფუძველი უნდა გახდეს. ასევე აკაკი ჯამბაზიშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, მერი ღონღაძემ კომისიის მიერ დასმულ ყველა  შეკითხვაზე სწორი პასუხი გასცა მის მიმართ დადებითი შეფასება მაინც არ ჰქონია, თუმცა სასამართლოს წინაშე ვერ ასაბუთებს რა საფუძვლიანი მიზეზი არსებობდა ამისთვის.

ამასთან, გაერთიანების დირექტორმა დავით ნოზაძემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელის, გიორგი გურასპაშვილის ჩარევის შედეგად მოახდინა მოსარჩელეების მიმართ მოთხოვნილი წერილობითი ახსნა-განმარტებების მიცემა. ამასთან, დავით ნოზაძის ჩვენებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავის სასამართლოში დაწყების შემდეგ, უფლების დარღვევების გამო, მოსარჩელეებთან მორიგებას სთავაზობდა, თუმცა გაერთიანების დირექტორი მას არ დაეთანხმა.

ორგანიზაციის სარჩელით მოთხოვნილია ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე.

როგორც ცნობილია, ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ სამი ადგილობრივი მკვიდრი. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად. კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მიიღო. იმავდროულად, ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საქმეზე მოკვლევას აწარმოებს ხაშურის რაიონული სამმართველო, სადაც დაიკითხნენ მოსამარჩელეები და საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით ნოზაძე. გადაწყვეტილება საქმეზე 5 აპრილს, 14:00 საათზე გამოცხადდება.



კომენტარები